გიორგი კვირიკაშვილი: მაიკ პენსის ვიზიტი არის საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატულება
„ეს, რა თქმა უნდა, არის გამოხატულება აშშ-ის მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. ძალიან სასიხარულოა, რომ ახალ ადმინისტრაციასთან პირველივე დღიდან ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ყველაზე მაღალი დონის კონტაქტები“, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ მოკლე პერიოდში შედგება ვიზიტი.
„ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მინდა გაცნობოთ. 31 ივლისს-1 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი შედგება საქართველოში. სულ ცოტა ხნის წინ ვიყავით ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შედგა ჩვენი შეხვედრა და ამ შეხვედრის დროს მე მოვიწვიე ბატონი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში. ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ მოკლე პერიოდში შედგება ვიზიტი. ეს, რა თქმა უნდა, არის გამოხატულება აშშ-ის მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. ძალიან სასიხარულოა, რომ ახალ ადმინისტრაციასთან პირველივე დღიდანვე ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ყველაზე მაღალი დონის კონტაქტები. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ სამ ქვეყანას შორის, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა აირჩია ვიზიტისთვის, არის საქართველოც, როგორც უმნიშვნელოვანესი პარტნიორი შეერთებული შტატებისა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.