გიორგი გახარიამ ერევანში საქართველო-სომხეთის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა

ერევანში საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელსაც 150-ზე მეტი სომხური და ქართული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმი მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ და სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა, სურენ კარაიანმა გახსნეს. ბიზნესფორუმს საქართველოს მხრიდან, კერძო სექტორთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.„ჩვენ ვართ პარტნიორები, მეზობლები, კარგი მეგობრები და დროა, მთელი ჩვენი ძალისხმევის კონცენტრირება მოვახდინოთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები იყოს კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის სტატისტიკის ციფრები გაუმჯობესდა, კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა შევუწყოთ ხელი ორი ქვეყნის კერძო კომპანიებს ერთმანეთს შორის ურთიერთობებისა და ვაჭრობის განვითარებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკის სამინისტროების დონეზე, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც 24 საათის განმავლობაში, კავშირზე იქნებიან ერთმანეთთან, იმ შემთხვევებისთვის, თუ რომელიმე სომხურ კომპანიას რაიმე პრობლემა შეექმნება საქართველოში, ან ქართულ კომპანიას სომხეთში, ან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე.
„ასევე ჩვენი სამინისტროების დონეზე, მინისტრის მოადგილეები შეისწავლიან ჩვენი ქვეყნების იმპორტის სტრუქტურას და სადაც შესაძლებელი იქნება, რომ იმპორტის ნაწილში დავეხმაროთ ერთმანეთს, ამ პოტენციალსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, რადგან ეს არის უკვე არსებული, მზა პოტენციალი ჩვენი ბაზრების განვითარებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.
გიორგი გახარიას ინფორმაციით, მხარეებს შორის მუშაობა ერთობლივ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ-სომხური კომპანიების ერთობლივი წარმოებებისა და ერთმანეთთან პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში, წვდომის გახსნას მესამე ბაზრებზე.
„ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ყველაფერში იმისთვის, რომ თქვენ – მწარმოებლებს გაგიადვილდეთ პროდუქციის რეალიზება. ჩვენი ძირითადი მესიჯი ის არის, რომ თქვენი ბიზნესი ჩვენს ქვეყნებში სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაცული. ლოგისტიკა, ტრანსპორტი, წარმოება, ტურიზმი, მომსახურების სფერო – ეს ის სექტორებია, სადაც ერთობლივად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი. სწორედ თქვენს ერთობლივ თანამშრომლობას, თქვენს მისწრაფებას, ერთობლივად გახვიდეთ მესამე ბაზრებზე, გარანტირებულად ექნება სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა“, – მიმართა გიორგი გახარიამ ბიზნესფორუმის მონაწილეებს.
„მინდა ხაზი გავუსვა ძალიან ნაყოფიერ შეხვედრას, სადაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან ერთად, განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საკითხების მთელი სპექტრი. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, რომ გავზარდოთ საერთო ექსპორტის მოცულობა მესამე ქვეყნებში. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ბიზნესფორუმი იქნება ძალიან ნაყოფიერი, რადგან სამასამდე ორმხრივი შეხვედრა გაიმართება კომპანიებს შორის, რაც ეკონომიკურ შედეგს ნამდვილად მოიტანს“, – აღნიშნა სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა, სურენ კარაიანმა.
ფორუმზე პრეზენტაციები გამართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ და საქართველოს საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ. ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმიც გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები