ოჩამჩირეში, რუსეთის შეიარაღების მონაწილეობით, სამხედრო წვრთნები ტარდება
რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, აღნიშნული არაგეგმიური წვრთნები შესაძლოა, აღქმული იქნას, როგორც სამხედრო მუქარა.
რუსეთისა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკას შორის სამხედრო ხელშეკრულების დადების შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური წვრთნებია.
„ოჩამჩირეში არაგეგმიური სამხედრო წვრთნები ტარდება, რომელშიც აფხაზეთში მყოფი რუსეთის შეიარაღება მონაწილეობს. ასეთი მასშტაბის წვრთნები, რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, პირველად ტარდება. აღნიშნული შენაერთი სავარაუდო მოწინააღმდეგის, დესანტის და დივერსიული ჯგუფების ლიკვიდაციას ახორციელებს. სავარაუდო მოწინააღმდეგეში ისინი გულისხმობენ საქართველოს. ეს ყველაფერი და წვრთნების არაგეგმიური ხასიათი ავითარებს აზრს, რომ ეს არის სამხედრო მუქარა “, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.