ზაალ უდუმაშვილი “სითი პარკის” გამო “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს
„ვთვლი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო წინა ხელისუფლების, რომელმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება “სითი პარკს” გაუფორმა “, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ სახე, ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაფორმებულ ხელშეკრულებას აკრიტიკებს და „სითი პარკის“ კაბალურ პირობებზე საუბრობს. ამასთანავე, ზაალ უდუმაშვილი დასძენს, რომ მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, “სითი პარკს“ თბილისს „ ჩამოაშორებს“. გამარჯვების შემდეგ, კანდიდატი ახალი ინვესტორი კომპანიის შემოყვანას გეგმავს.
„იმის ნაცვლად, რომ კომპანიას საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა ქალაქში, დედაქალაქში შემოვიდა მხოლოდ ერთ ფუნჯით და ერთი ქილა საღებავით და უბრალოდ დახაზა ეს ქუჩები. ამის შედეგად, თბილისელებისგან ყოველ წლიურად იღებს მილიონობით ბეგარას. მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო წინა ხელისუფლების, რომელმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა “სითი პარკს”, თან 2025 წლამდე, ხოლო შემდეგ უკვე ამ ხელისუფლებამ ძალიან კომფორტულად გადაიბარა ურთიერთობა “სითი პარკთან”. მე შევძლებ, რომ თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც დადგება დღის წესრიგში, იქნება “სითი პარკიდან” ამ ქალაქის ჩამოშორება,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2007 წელს, თბილისის მერიამ „სითი პარკთან” ხელშეკრულება გააფორმა. მაშინ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის, კობა ბექაურის ინფორმაციით, გიგი უგულავამ 2009 წლის 11 თებერვალს გამოცემულ ბრძანებაში, განზრახ მიუთითა არასწორი სახაზინო კოდი და თბილისელი ავტომფლობელებისგან ამოღებული თანხის 40 %, ბიუჯეტის ნაცვლად, „სითი პარკის” ანგარიშზე დაჯდა. მისი თქმით, „სითი პარკმა” ამ ჯარიმებიდან თავისი წილი, 60 % წაიღო და უგულავამ დანარჩენი 40 % .