15- მილიონიანი პროექტების გასაცნობად ხუნდაძე ყველას მცხეთაში იწვევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საგანგებო განცხადებას აკეთებს და ყველას, ვინც მცხეთაში განხორციელებულ 15 მილიონი ლარის ოდენობის პროექტებს ვერ ხედავს, მათ გასაცნობად ადგილზე ეპატიჟება.
„ვწუხვარ იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ მიწევს იმ ტელეკომპანიის შესახებ განცხადების გაკეთება, ვისი ჟურნალისტების ნაწილსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ფაქტია, რომ “რუსთავი 2” აგრძელებს ხალხისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, რასაც მხოლოდ პოლიტიკური მიზნები აქვს.
გადაცემა „არჩევანში“ გასული სიუჟეტი და სპეციალურად შერჩეული რესპოდენტები ამის დასტურია. საოცარია ის ფაქტი, რომ ორი კვირის წინ, “რუსთავი -2” თავად იყო ჩამოსული მცხეთაში პრემიერის სტუმრობისას, სადაც 3 ახალი მსხვილი ობიექტი გავხსენით (სულ 15 მილიონი ლარის ღირებულების). ჩემი დეპუტატობის განმავლობაში, თითქმის ყოველწლიურად ვაბარებ ანგარიშს ჩემს ამომრჩეველს, რის შესახებაც ყოველთვის ვაწვდი ინფორმაციას პრესას. მსურს ჟურნალისტებისთვის კიდევ ერთხელ ჩამოვთვალო ის მსხვილი, რამდენიმე ათეულმილიონიანი პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა და ამჟამად ხორციელდება: ქალაქ მცხეთაში: ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავადმყოფო – 10 მლნ ლარი; კულტურის სახლი – 4,5 მლნ ლარი; სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ორი აუზით – 6 მლნ ლარი; ახალი ხიდი – 2,5 მლნ ლარი; დევნილთა საცხოვრებელი კორპუსები – 6 მლნ ლარი (უკვე დაიწყო); სრულიად ახალი ბაღი, ორი სტადიონი, ქალაქის ცენტრალური სკვერი, შიდა გზები და ა.შ. მცხეთის რაიონი: აშენდა 3 სრულიად ახალი სკოლა მუხრანში, ძეგვსა და წილკანში – 5 მლნ ლარი; ახალი ბაღები – წეროვანში, ციხისძირში, ქსანში, წილკანში – სულ 3 მლნ ლარის ღირებულების; რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათობით ბაღს; მიმდინარეობს მუხრანის საბავშო ბაღის მშენებლობა – 1,6 მლნ. ლარი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაღი იქნება რესპუბლიკაში.
დაიწყო ნატახტრის ბაღის მშენებლობა – 800 000 ლ. გრძელდება ბაღების მშენებლობა საგურამოსა და ლისში. თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, სარწყავი არხების რეაბილიტაცია-მშენებლობა. სოფლების უმეტესი ნაწილი უკვე გაზიფიცირებულია. ეს არის მხოლოდ მსხვილი პროექტები, აღარ ჩამოვთვლი დაბალბიუჯეტიან პროექტებს.
რაც შეეხება ჩემს საკანონმდებლო მოღვაწეობას, ამას ვერ ეხებიან, რადგან იციან ჩემი კანონშემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ. მაგრამ, შეურაცხმყოფელია ის დამოკიდებულება, რაც ზოგადად, მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ გამოსჭვივის ზოგიერთი გაპოლიტიკოსებული ჟურნალისტისგან. ეს გადაცემაც სწორედ მაჟორიტარების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. მივმართავ უშუალოდ გიორგი გაბუნიას, თუ არ გეშინიათ ხალხს უთხრათ სიმართლე და აჩვენოთ რეალობა, გიწვევთ მცხეთაში, ჩემს მაჟორიტარულ ოლქში და ერთად ვნახოთ ყველა ის განხორციელებული პროექტი, რაც ჩამოვთვალე. ერთი დღე არ გეყოფათ იმისთვის, რომ სრულად ნახოთ 1 მილიონი ლარის ზემოთ ღირებულების პროექტები. დაბალბიუჯეტიან პროექტებზე არ დაგღლით. თუკი ჩემს წინადადებას არ მიიღებთ, ესე იგი თავად აღიარებთ, რომ ხალხს ატყუებთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.