პრეზიდენტი: ევროპულ ფასეულობებთან დაპირისპირება საქართველოშიც მიმდინარეობს
“დაპირისპირება ევროპულ ფასეულობებთან საქართველოშიც მიმდინარეობს, პროპაგანდა ევროპული სივრცის წინააღმდეგ საქართველოშიც გამოიხატება, სხვადასხვა ფორმით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოშიც ხანდახან გაისმის განცხადებები, თითქოსდა, ევროპული წესრიგი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.
„დღეს აქ ხართ ის ადამიანები, ვინც ქმნის ერთიან ევროპულ სამართლებრივ სივრცეს. სწორედ ევროპული ფასეულობები – დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, პლურალიზმი, მრავალპარტიულობა, ღიაობა, დიალოგი არის ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლის ირგვლივაც ჩვენი საზოგადოებები ვითარდება, მათ შორის, ქართული საზოგადოებაც, რომელიც ამ ღირებულებებს აფუძნებს. თუმცა ჩვენ უნდა გავიაზროთ ის ფაქტიც, რომ დღეს ჩვენ ვართ მოწმე ამ ღირებულებების მიმართ დასმული გარკვეული კითხვის ნიშნებისა. ჩვენ ვართ მოწმე იმისა, რომ ეს გამოწვევები აქვს ყველა ღირებულებით დისკუსიას, ყველა ღირებულებით ინსტიტუტს და მათ შორის, სასამართლოებს და საკონსტიტუციო სამართლის სივრცესაც. სუვერენიზმი, ევრაზიანიზმი, ტერორიზმი, ევროპული საერთო უსაფრთხოების სივრცე – ეს ის სფეროებია, რომელშიც ძალიან აქტიურად ისმის პროპაგანდისტული კითხვები და ბუნებრივია, ეს კითხვები ჩვენ მიერ პასუხგაცემული უნდა იქნეს. ეს დაპირისპირება ევროპულ ფასეულობებთან საქართველოშიც მიმდინარეობს. პროპაგანდა ევროპული სივრცის წინააღმდეგ საქართველოშიც გამოიხატება, სხვადასხვა ფორმით. საქართველოშიც ხანდახან გაისმის განცხადებები, თითქოსდა, ევროპული წესრიგი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები განსხვავდება ჩვენი სუვერენული არჩევანისგან, რომ უმრავლესობის ნება უპირობოა და არ უნდა იქნეს განხილული. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავინახოთ საქართველოში მიმდინარე ასევე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვას ეხება. ამ პროცესში და იმ ცხოველ დისკუსიაში, რომელიც მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია დავრჩეთ ევროპული ფასეულობების ერთგული. ვერანაირი კომპრომისი ვერ გვექნება პლურალიზმის, მრავლპარტიულობის, კონსენსუსის ღირებულებებთან მიმართებაში, ვინაიდან კონსტიტუციის ირგვლივ იქმნება სახელმწიფო სისტემა“, – განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.