ზურაბ აბაშიძე: მე და კარასინს საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომები და ხედვა გვაქვს
„მე და კარასინს საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომები და ხედვა გვაქვს“, – ამის შესახებ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მან იმ განცხადებაზეც ისაუბრა, რომელშიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობებზეა საუბარი.
„ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომები და ხედვა გვაქვს, მაგრამ არ მინდა დისკუსიაში შესვლა მასთან, რადგან ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ორიენტირები – ეს არ არის ის თემა, რომელსაც ჩვენ პრაღაში განვიხილავთ, ეს ჩვენს მანდატს სცდება, ამიტომ არც დისკუსიის წარმოებას აქვს ამ შემთხვევაში გამართლება“, – განაცხადა აბაშიძემ.
იმ ნაწილს კი, სადაც საუბარია, რომ ფაქტობრივად, თბილისს ნატო რუსეთის „შეკავების“ პოლიტიკის მონაწილედ ხდის, აბაშიძე ასე პასუხობს:
„ცნობილია ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენი სურვილი გაწევრიანებისა ევროსტრუქტურებში თუ ნატოში – ეს ჩვენი ქვეყნის არჩევანია, ეს ჩვენი ხალხის არჩევანია, აქ არანაირი კითხვები არ არსებობს ჩვენთვის. რუსეთის მხარეს შეიძლება, ჰქონდეს კითხვები, ეს მათი პრეროგატივაა, რა ვქნათ“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.