ირაკლი მამალაძემ შესაძლოა, „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა წამოიწყოს

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ შესაძლოა, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა წამოიწყოს. როგორც მამალაძემ ჟურნალისტებს კიევიდან დაბრუნების შემდეგ განუცხადა, პროკურატურაში უკვე დაწყებულია გამოძიება „რუსთავი 2“-ზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, შესაძლოა ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაც მოითხოვოს.
„არ ვტოვებ საქართველოს. გამოძიებასთან ვთანამშრომლობ ბოლომდე. მზად ვარ, ისევ წარვსდგე სასამართლოს წინაშე. დღეს პარლამენტში გაჟღერდა ჩემი სახელი. შექმნან საგამოძიებო კომისია, იქაც მივალ და იქაც წარვსდგები და თუ ექნებათ კითხვები, ვუპასუხებ. უახლოეს დღეებში გავივლი კონსულტაციებს და მივმართავ სასამართლოს.
პირველ რიგში, მაინტერესებს რა შედეგს დადებს პროკურატურა, სადაც დაწყებულია გამოძიება „რუსთავი2“-ზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით. შეიძლება მოვითხოვო ფულადი კომპენსაცია, შეიძლება – ბოდიშის მოხდა ღირსებისა და პატივის შელახვისთვის“, – განაცხადა ირაკლი მამალძემ.
მისი თქმით, იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს, დავა ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაიწყოს, თუ კონკრეტული პირების.
„კომპანიის მიმართ ამ ეტაპზე ნაკლები პრეტენზია მაქვს. უფრო საინფორმაციოს ხელმძღვანელის ნოდარ მელაძისა და კონკრეტული ჟურნალისტის მიმართ მაქვს პრეტენზია. ფირცხალავასთან არასოდეს არანაირი კავშირი არ მქონია, არ ვიცნობ. მთელი ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში, არ გამიკეთებია მის წინააღმდეგ არაფერი. გამოძიებამ ყველაფერი უნდა დაადგინოს – ვინ არის დამკვეთი, რატომ ამოიცნო ფირცხალავამ ოთხი თვის შემდეგ, რომ მე აგენტი ვარ“, – განაცხადა მამალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები