ჯანი ბუკიკიო: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული ტექსტი ძალიან კარგია, თუმცა არის დეტალები, რისი გასწორებაც საჭიროა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული ტექსტი მთლიანობაში კარგია, თუმცა არის დეტალები, რისი გასწორებაც საჭიროა, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
ამასთან, როგორც ბუკიკომ აღნიშნა, საქართველოში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებულია.
„ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ დასკვნა, რომლის შინაარსმაც აქ, საქართველოში მანამდეც გაჟონა. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ახლა უკვე საჯაროდაა ცნობილი. მთლიანობაში, გლობალურად ტექსტი ძალიან კარგია, თუმცა არის დეტალები, რისი გასწორებაც საჭიროა.  მაგალითად, მოსამართლეების არჩევის წესის ნაწილში, ასევე, კვალიფიციური და უბრალო უმრავლესობის ნაწილი და ასე შემდეგ. ანუ, ისეთი საკითხები, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ადვილად რეალიზებადი.
რაც შეეხება პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებას, მე ამით დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს პროცესი იყო ძალზე პროგრესული. პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმებული იყვნენ, რომ წინ წასულიყვნენ და ჩვენი მოკრძალებული რჩევითა და დახმარებით კარგი საქმე გავაკეთეთ. ახლა, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და ვიწვევ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ვიპოვოთ კარგი, კომპრომისული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ბუკიკიომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები