ნინო წილოსანი: შენების პროცესი საქართველოში უკვე დაწყებულია

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, რამდენიმე დღის წინ საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებზე ისაუბრა.
,,ჩვენ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ვხედავთ რა აწუხებთ მათ და რა მიმართულებით გვჭირდება მეტი მუშაობა. მაგრამ,  ზოგიერთებისგან განსხვავებით მე იმასაც ვხედავ, რა კეთდება და რა ნაბიჯები იდგმება ქვეყნის განვითარებისთვის“ – განაცხადა წილოსანმა.
დეპუტატის განცხადებით, ნაბეღლავში წყალი “მარგებელის“ ახალი ქარხანა გაიხსნა. ,,ვინც ადგილზე იყო ან ტელევიზიით აკვირდებოდა გაოცებას ვერ მალავდა ამ ქარხნის მასშტაბებით. ეს არ არის უბრალოდ საწარმო, ეს არის ახალი პერსპექტივა დასაქმებისა და ადგილობრივი პროდუქციის შექმნისათვის’’- განაცხადა წილოსანმა. მისივე ინფორმაციით ავსტრიული ბრენდის “რაუხის“ პროდუქცია ქართული ხილისგან შეიქმნება, რაც ადგილობრივი ნედლეულის მოხმარების და გადამუშავების საუკეთესო შემთხვევაა.
წილოსანის განცხადებით, ინვესტიცია ჩაიდო  პროექტში “შუა ხევ ჰესი“.
„შუა ხევ ჰესი“ პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც, სერტიფიცირებულია გაეროს ჩარჩო-კონვენცნიის ფარგლებში. ამ ჰესის ამუშავებით ზამთარში აღმოიფხვრება ენერგოდეფიციტი, ზაფხულში კი გვექნება საშუალება ელექტროენერგიის ექსპორტის. ჰესის მშენებლობაში დასაქმდა 700-მდე მოქალაქე“, – განაცხადა წილოსანმა.
მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე სწორი პროცესები, ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და ინვესტიციებისთვის უსაფრთხო პირობები, ახალი პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს. ,,ჩვენი გუნდის სწორ ეკონომიკურ კურსზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემები. 2017 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 5,1 პროცენტი იყო. ექსპორტის ზრდამ ბოლო 5 თვის მონაცემებით შეადგინა 28 %,  ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი გაზრდილია 40%ით“, გასაღების ახალი ბაზრებით და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის შედეგია ღვინის ექსპორტის 64%,  ტურისტების რაოდენობა გაზრდილია 25%ით , ხოლო შემოსავალი ტურიზმიდან 41% ით. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უსაფრთხოების კუთხით ჩვენი ქვეყანა მიმზიდველია ტურისტებისთვის და მათთვის ქვეყანაში სწორად არის განვითარებული ყველა საჭირო სერვისები“ – განაცხადა წილოსანმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში კიდევ არაერთი ქარხანა უნდა გაიხსნას, რომ მოსახლეობამ რეალურად იგრძნოს სარგებელი, “მაგრამ, ყველა საქმეში თავად პროცესია მნიშვნელოვანი და მე ვიცი, რომ ჩვენ ქვეყანაში შენების პროცესი უკვე დაწყებულია“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები