თამარ ხულორდავა: შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაწესება წინ გადადგმული ნაბიჯია

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ, პარლამენტის სხდომაზე, შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნულ ფაქტს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
“დღეს არის 28 ივნისი და ზუსტად სამი თვეა რაც ჩვენს გვაქვს შესაძლებლობა ვიზების გარეშე გადავაადგილდეთ შენგენის ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მინდოდა ამასთან დაკავშირებით თქვენი ყურადღების მიქცევა. ყველას გვახსოვს როგორი მოსაზრებები იყო გამოთქმული წინასწარ, რომ რეალურად არაფერი შეიცვლებოდა და საზღვრებიდან მოაბრუნებდნენ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ ამ მხრივაც გვაქვს ძალიან კარგი შედეგი. ამ პერიოდში 37 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ შესაძლებლობით და აქედან მხოლოდ 0,3% -ია ის შემთხვევები, როცა ჩვენს მოქალაქეებს საზღვარზე ეთქვათ უარი. ეს ფაქტები ბევრ რამეზე მეტყველებს, ევროკავშირი იცავს თავის პირობას და ასრულებს გათვალისწინებულ შეთანხმების პირობებს, ახლა დრო არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეასრულონ ის ვალდებულებები და მოთხოვნები, რაც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით და არ დაარღვიონ სავიზო რეჟიმი. გაზრდილი არის მგზავრების ნაკადი, გაზრდილია ნაკადი ევროკავშირის მიმართულებით ორ ნახევარზე მეტჯერ, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან ეს არის ინტეგრაციისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი, შედეგის მომტანი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა იზრდება ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე, ჩვენი მოქალაქეები უკეთ ეცნობიან იმ ახალ შესაძლებლობებს, რომელსაც გვთავაზობს ევროკავშირი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეძლებს და წერტილს დაუსვამს სპეკულაციებს, კითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ორიენტაცია და გაამყარებს ჩვენს მისწრაფებას და სურვილს, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი.
ასევე, გუშინ შესრულდა 3 წელი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან, ამ პერიოდში ძალიან ბევრი სფეროს რეფორმა არის დაწყებული და მნიშვნელოვანია ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მიგრაციის მართვის, თავშესაფრის სისტემის სამართლებრივი ჩარჩოს განვითარების, ენერგეტიკის, საჯარო სამსახურის რეფორმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის მიმართულებით. ჩვენ შევუერთდით ენერგეტიკულ გაერთიანებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და სწორედ პარლამენტმა მოახდინა ამ შეთანხმების რატიფიცირება. ეს ქმნის წინაპირობებს იმისთვის, რომ ჩვენი ენერგეტიკული სექტორი იყოს რეგიონის ბაზართან ინტეგრირებული, კონკურენტული, მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ასევე მნიშვნელოვანია სიახლე, რომელიც 1 ივლისიდან შემოდის, ეს არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც რეალურ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ მოხდეს დეპოლიტიზირება საჯარო სამსახურის. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, მიღებულია გარემოს დაცვის შეფასების კოდექსი. ეს არის სერიოზული ნაბიჯი და ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს უმთავრეს რესურსს – გარემოს.
სულ უფრო ხელშესახები ხდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი, შარშანდელთან შედარებით 40%-ით არის გაზრდილი ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, შავი ზღვის თევზი შევიდა იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომელიც საქართველოში შევა ევროკავშირში.
მოკლედ ის აზრი, რომ უვიზო მიმოსვლით დასრულდა ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირთან არის აზრს მოკლებული. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები