არჩილ თალაკვაძე რუსეთის თავდაცვის მიერ აფხაზეთში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს არალეგიტიმურს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ მორიგ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს და მას არალეგიტიმურ მოქმედებებს უწოდებს.
“მინდა გამოვეხმაურო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მორიგი სამხედრო წვრთნების შესახებ, აფხაზეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. პირდაპირ მინდა ვთქვა ჩვენი პოზიცია: მიგვაჩნია რომ ეს არის მორიგი არალეგიტიმური მოქმედებები ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რომ საერთაშორისო პასუხი ამაზე იყოს ერთიანი. რაც შეეხება თავად ამ ღონისძიებებს, რაც არის დაგეგმილი ეს სამხედრო წვრთნები, რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს, რომ იმის ნაცვლად, რომ სამართლიანი მოთხოვნების, ცივილიზებული სამყაროს სამართლიანი პოზიცია დაინახოს ჩვენს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ჯერჯერობით კვლავ იგნორირებულია და რეალურად, მაშინ, როცა აფხაზეთს სჭირდება ეკონომიკური განვითარება, აფხაზეთს სჭირდება ინფრასტრუქტურული განვითარება, აფხაზეთს სჭირდება ახალი შესაძლებლობები, რუსეთი კვლავ და კვლავ ჩვენს მოძმეებს აფხაზეთში სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი პასუხი არის კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია საერთაშორისო აზრის, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩვენი პარტნიორების და ჩვენი ქვეყნის მხრიდან ეკონომიკის განვითარება, დემოკრატიის სტანდარტის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების მიტანა ჩვენს აფხაზ ძმებთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახურის ინფორმაციით, მალე რუსი და აფხაზი სამხედროების მონაწილეობით, ერთობლივი, ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩატარდება. ამის შესახებ apsny.ru წერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები