მამუკა მდინარაძე აფგან მუხთარლის საქმეზე: საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას

“ფაქტია, რომ ამ საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს და ამაზე არავინ დაობს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თუკი გამოძიება შედეგებს არ დადებს, ამ შემთხვევაში, საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას.
„ფაქტია, რომ ამ საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს და ამაზე არავინ დაობს. ერთადერთი, რაც შეიძლება დისკუსიის საგანი იყოს, ისაა, რომ ამ ეტაპზე, მიზანშეწონილი იქნება თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნა. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება შედეგს არ დადებს, რომელიც ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს, ყველა ვარიანტში, კომისია შესაქმნელი იქნება. გუნდის შიგნით ნაწილი მიიჩნევს, რომ კომისია უკვე უნდა შეიქმნას, ნაწილი თვლის, რომ გამოძიების მიმდინარეობას და შედეგებს უნდა დაველოდოთ. საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება იმაზე, რომ გამოძიებას ვალდებულება აქვს, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა დატოვოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები