აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობა ტრეფიკინგის აღკვეთასთან დაკავშირებულ მინიმალურ სტანდარტებს სრულად იცავს

“საქართველოს მთავრობა ტრეფიკინგის აღკვეთასთან დაკავშირებულ მინიმალურ სტანდარტებს სრულად იცავს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშში წერია, რომ 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღებით, გამოძიებებით, ტრეფიკინგის ნიშნების გამოსავლენად, დაუცველი მოსახლეობის სკრინინგით და მსხვერპლისთვის სრულყოფილი დახმარების გაწევით, ანგარიშის მომზადების პერიოდში, საქართველოს მთავრობა სერიოზულ ძალისხმევას განაგრძობდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ არ გაზრდილა ტრეფიკინგის წინააღმდეგ სამართალდაცვითი ძალისხმევა, თუმცა ქუჩაში ბავშვთა მათხოვრობის იძულებით მსხვერპლის გამოვლენის მაჩვენებელი ისევ სუსტია.
„იმის მიუხედავად, რომ მთავრობა იცავს მინიმალურ სტანდარტებს, ადმინისტრაციას ტრეფიკინგის საწინააღმდეგო სამართალდაცვითი ძალისხმევა არ გაუზრდია და უფრო ნაკლები მსხვერპლი გამოავლინეს. შრომის ინსპექტორი განაგრძობს გაურკვეველი მანდატით მუშაობას და დამსაქმებელთა შესწავლის შესაძლებლობა შეზღუდული აქვს. ისევ სუსტია იმ ბავშვთა იდენტიფიცირება, რომლებიც ქუჩაში ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან და რომელთაც მათხოვრობასა და დანაშაულის ჩადენას აიძულებენ. ასევე სუსტია იმ პირთა ვინაობის დადგენა, რომლებიც მოწყვლად შრომით სექტორში არიან დასაქმებული. როგორც უკანასკნელი 5 წლის მანძილზეა ცნობილი, საქართველო ქალთა და გოგონათა ტრეფიკინგის, ასევე, მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების იძულებითი შრომის ადგილი, წყარო და სატრანზიტო ქვეყანაა. ქალები და გოგონები საქართველოდან სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლს წარმოადგენენ ქვეყნის შიგნით. თურქეთში შედარებით ნაკლებად, ასევე, ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. საქართველო ასევე, ტრანზიტულ ქვეყანას წარმოადგენს შუა აზიელი ქალებისთვის, რომელთა ექსპლუატაციასაც თურქეთში ეწევიან. ქალები აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან იძულებითი პროსტიტუციის მსხვერპლს წარმოადგენენ აჭარის რეგიონის ტურისტულ ადგილებში – საუნებში, სტრიპტიზკლუბებში, კაზინოებსა და სასტუმროებში“,- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სადაც საქართველო ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშში პირველ კალათაში მოხვდა.
ყოველწლიური ანგარიში ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა გამოაქვეყნა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ღონისძიებას ამერიკელი კანონმდებლები, ასევე, პრეზიდენტის მრჩეველი ივანკა ტრამპი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები