თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდა.
მხარეებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცედურებზე და მონიტორინგის ეტაპიდან საქართველოს პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე გადასვლის საკითხებზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე განხილული იყო რამდენიმე მიმდინარე საკითხი, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატურების საკითხი. მომავალ სესიამდე, მრჩეველთა პანელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – შეაფასოს წარდგენილი კანდიდატურები და თავისი დასკვნა მოგვაწოდოს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის შემდეგ.
ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ გენერალური მდივანი მხარს უჭერს საქართველოს პოსტმონიტორინგის ეტაპზე დაწინაურებას.
„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ გვინდა მონიტორინგის ეტაპიდან პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე გადასვლა. მიგვაჩნია, რომ საქართველო ამას იმსახურებს თავისი განვითარების ტემპით და გატარებული რეფორმებით. ამ პროცედურებთან დაკავშირებით, აღმასრულებელი მდივნის პოზიცია და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ჩვენ გვაქვს ეს მხარდაჭერა”, – განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება, სადაც 26-30 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობს. დელეგაციის შემადგენლობაში თამარ ჩუგოშვილთან ერთად, სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები