ზვიად ძიძიგური: იმ ცვლილებებით, რომლებიც კონსტიტუციაში შევა, საქართველო მიიღებს კარდინალურად უკეთეს კონსტიტუციას

“იმ ცვლილებებით, რომლებიც კონსტიტუციაში შევა, საქართველო მიიღებს კარდინალურად უკეთეს კონსტიტუციას”, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა.
ძიძიგურის თქმით, „კონსერვატიული პარტია“ მიესალმება კონსტიტუციაში შესატან მთელ რიგ ცვლილებებს. პარტიისთვის განსაკუთებით მისაღები კი ქორწინების დეფინიციისა და მიწის საკუთრების განკარგვის გამკაცრების რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხებია.
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ ეს ცვლილებები ერთი პარტიის ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდა, მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო კომისიაში “კონსერვატიულ პარტიას” ორი წარმომადგენელი ჰყავდა და ჩვენ აქტიურად ვიყავით ამ ცვლილებების შემუშავებაში ჩართული. ჩვენი დიდი მეცადინეობა იყო, რომ ქვეყნის მთავარ კანონში ქორწინების დეფინიციისა და მიწის საკითხების ამგვარი ჩანაწერი გაჩენილიყო“, – აცხადებს ძიძიგური.
ზვიად ძიძიგური ასევე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის პროექტში არსებული საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები გამორიცხავს მომავალი არჩევნების შემდეგ, რომელიმე პარტიისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობას, რაც კონსტიტუციის ხშირი ცვლილების რისკს შეამცირებს. კონსერვატიული პარტიის ლიდერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ზოგიერთი ცვლილება მათი პარტიის მსოფლმხედველობისთვის შეუსაბამოა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუცია კონსენსუსის დოკუმენტია, პარტია ამ ცვლილებებს გაგებით შეხვდა.
„ისევე, როგორც ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისთვის არის მიუღებელი ქორწინებასთან და მიწის განკარგვის რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები, არის გარკვეული ცვლილებები, რომელიც ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის მიუღებელია, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ აუცილებელია კონსენსუსი და აზრთა შეჯერება, ამიტომ ასეთ საკითხებს ჩვენ გაგებით ვეკიდებით“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები