„საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებას უზრუნველყოფს“

„ საარჩევნო წესში ძირეული ცვლილებების გამო, გარდამავალ ეტაპზე, ერთჯერადად მოხდება შერეული სისტემის დატოვება, საპრეზიდენტო სისტემაში კი ერთჯერადად მოხდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
დეპუტატის განცხადებით, მიღებული ცვლილებები საქართველოში, გრძელვადიან პერსპექტივაში, დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებას უზრუნველყოფს.
„ ეს ცვლილებები, რაც მეორე მოსმენით მივიღეთ, ნამდვილად შექმნის იმის გარანტიას, რომ საქართველოში, გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიქმნება ძალიან სერიოზული გარემო, რომელიც ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებას უზრუნველყოფს. გარდამავალ ეტაპზე, შესაძლებელია როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის არჩევის სისტემაც, გამომდინარე იქედან, რომ ძირეულად იცვლება საარჩევნო სისტემა, როგორც საპარლამენტო, ასევე პრეზიდენტის არჩევის კუთხითაც. ჩვენ მივიღეთ, კონსტიტუცია, რომელიც პარლამენტის წევრებს აირჩევს სრულად პროპორციული წესით. გამომდინარე იქედან, რომ ძირეულად იცვლება საარჩევნო სისტემა და მთლიანად კონსტიტუცია, საუბარია მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე, ერთ საპარლამენტო და ერთ საპრეზიდენტო არჩევნებზე. საზოგადოებასთან ხელისუფლების მხრიდან კონსენსუსი შედგა. რაც შეეხება ოპონენტებს, ბოიკოტის ფორმატი ცოტა უცნაური იყო. ბოიკოტი ნიშნავს, რომ საერთოდ არ მონაწილეობ პროცესებში, როდესაც საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობდი და ბოლო დღეს ამბობ, რომ ბოიკოტის ფორმატით ტოვებ, მერე საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობ და მერე ამბობ, რომ ბოიკოტის ფორმატით ტოვებ, ბიუროზე შედიხარ, პლენარულ სხდომაზე მოდიხარ, ტრიბუნას იყენებ და ბოლოს ამბობ, რომ ბოიკოტის რეჯიმში ხარ, ეს დაახლოებით იგივეა, რომ პოლიტიკოსმა ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების დღეს უთხრას თავის ამომრჩეველს, რომ მე ბოიკოტს ვაცხადებ და გავდივარ პროცესებიდანო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები