გიორგი კვირიკაშვილი: ქართველებს გვახასიათებს, როდესაც ცა ჩამოიქცევა, შეგვიყვარდეს ერთმანეთი

“სოლიდარობის ფონდმა” უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და ადამიანების დასახმარებლად საქართველოს მოქალაქეების გაერთიანების უპრეცედენტო გამოცდილება შექმნა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა “სოლიდარობის ფონდის” სამწლიანი მუშაობის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მისთვის “სოლიდარობის ფონდის” სამი წლის შედეგებზე საუბარი უდიდესი პატივია.
“ჩვენ, ქართველებს, გვახასიათებს, როდესაც ცა ჩამოიქცევა, როდესაც 9 აპრილის მაგვარი ტრაგედია მოხდება, შეგვიყვარდეს ერთმანეთი, გავერთიანდეთ და უპრეცედენტო სოლიდარობის გრძნობით აღვივსოთ. ეს ფონდი, სრულიად სხვა პრეცედენტს ქმნის. როდესაც ცა ჩამოიქცევა ერთ კონკრეტულ ოჯახში, ერთი რომელიმე ბავშვის თავს, ჩვენ ამ დროს ვერთიანდებით, ვეხმარებით ასეთ ოჯახს. სწორედ ასეთი ტიპის სოლიდარობაზე არის აგებული თანამედროვე საზოგადოება, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი. სწორედ ამიტომ არის ეს ფონდი მნიშვნელოვანი, ამიტომ არის ჩვენი გაერთიანება ასეთი ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად უკიდურესად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა “სოლიდარობის ფონდის” შექმნისთვის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და დეპუტატს, მარიამ ჯაშს მადლობა გადაუხადა​.
“მინდა, მადლობა გადავუხადო ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის იდეაც იყო ამ ფონდის შექმნა. განსაკუთრებული მადლობა მარიამ ჯაშს, რომელიც ასევე, იდეის სათავესთან იდგა და დღესაც მხარში უდგას “სოლიდარობის ფონდს”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები