ვალერიან გორგილაძე: პოლიტიკურ ამინდს აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფები ქმნიან

სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის აზრით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ ჯგუფებთან – “თეთრ ხმაურთან” და “აუდიტორია 115-თან” კონსესუსზე წავიდა, რადგან პოლიტიკურ პარტიებზე მეტად გავლენიანები არიან.
ამის შესახებ გორგილაძემ “პირველ” პრესკლუბში განაცხადა.
“ხელისუფლებას ძირითადი ბაზისური მოთხოვნების დაკმაყოფილებამ მოუწია, რომლებიც იყო საზოგადოებაში და რომლებსაც – ამას ხაზგასმით ვამბობ – აჟღერებდნენ არა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები, არამედ სხვდასხვა ჯგუფები. ძალიან საინტერესო სოციალური დინამიკაა – “თეთრი ხმაური”, “აუდიტორია 115″, არასამთავრობო ორგანიზაციები. ფაქტია, რომ მათ უფრო დიდი გავლენა აქვთ, ვიდრე ოპოზიციურ ძალას და შესაბამისად, ვისაც გავლენა აქვს, მმართველი გუნდი მასთან მიდის კომპრომისზე – ეს პოლიტიკის წესია. ასევე, მაჟორიტარული ფრაქციის მოთხოვნაც გაითვალისწინეს, რადგან ისინი ბევრად უფრო გავლენიანები არიან, ვიდრე პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა”, – განაცხადა სოციოლოგმა.
გორგილაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი პირი გიორგი მარგველაშვილი “დაკარგული პრეზიდენტია”.
“პრეზიდენტს ძალიან გაურკვეველი ფუნქცია და როლი აქვს, რადგან მან ალტერნატივა შექმნა, პარალელური სივრცე, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს პოლიტიკურ ნიშნებთან. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ მისი დრამა და ტრაგედია ისა, რომ დაკარგული პრეზიდენტია. 2013 წლის შემდეგ, როდესაც მას ირჩევნდნენ, მმართველი გუნდი ფიქრობდა, რომ ერის კონსოლიდაციას შეძლებდა. პრაქტიკულად, მარგველაშვილმა თავი დაკარგა და გაურკვევლობაში ყოფნა არჩია”, – განაცხადა გორგილაძემ.
“პირველის” სტუმარმა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ეს ყველაფერი დამსახურებაა არა ოპოზიციური პარტიების, არამედ ისეთი საზოგადოებრივი ჯგუფებისა, როგორებიცაა – “თეთრი ხმაური” და “აუდიტორია 115”.
“ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ არ იყო პოლიტიკური პარტია იქ. მაგალითად, “აუდიტორია 115” ითხოვდა მიწის გასხვისების საკითხის შეზღუდვას და მმართველმა გუნდმა გაითვალისწინა ეს მოთხოვნა. ასევე, დააკმაყოფილა მოთხოვნა ოჯახის დეფინიციასთან დაკავშირებით, არასამთავრობოების მხრიდან დაკმაყოფილდა მოთხოვნა – საგარეო ორიენტაციის შესახებ, თუმცა, მე პირადად, ამ ჩანაწერს არ ვეთანხმები, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა კურსს აირჩევს. ასევე, მნიშვნელოვანია გადასახადების გადახედვა. საინტერესოა “თეთრი ხმაურის” იდეა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს მოხდება, რაც დიდწილად არის მათი დამსახურება, ასევე, “აუდიტორია 115″ – ის შრომით უფლებებს  ძალიან მყარად იცავს და აჟღერებს”, – განაცხადა სოციოლოგმა.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საქართველოს მასშტაბით, საყოველთაო–სახალხო განხილვები გაიმართა.
თბილისში, “ფილარმონიაში” საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ცხარე დებატები მოჰყვა “აუდიტორია 115”-სა და მმართველ გუნდს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები