თეა წულუკიანმა ყაზახეთის დელეგაციას იუსტიციის სამინისტროს წარმატებული რეფორმები გააცნო

თეა წულუკიანმა ყაზახეთის დელეგაციას იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმები გააცნო. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის ოთხივე მოადგილე ესწრებოდა. ყაზახეთის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, საკონსტიტუციო საბჭოს, უზენაესი სასამართლოს, საჯარო სამსახურისა და კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს თავმჯდომარეები, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მთავარი პროკურორისა და შს მინისტრის მოადგილეები.
თეა წულუკიანი სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა. მან დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, პროკურატურისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმების შესახებ, გააცნო მოწმეთა გამოკითხვის ახალი წესი. იუსტიციის მინისტრმა დელეგაციის წევრებს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა, რომლებიც მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროში მომზადდა და დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს. ყაზახეთის დელეგაცია იმ საქმიანობასაც გაეცნო, რასაც იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით ახორციელებს − იუსტიციის მინისტრი სტუმრებს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების ფუნქციები და მუშაობის სპეციფიკის შესახებ ესაუბრა.
შეხვედრაზე განიხილეს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, რომლებიც ანტიკორუფციული, კიბერუსაფრთხოებისა და ტრეფიკინგის პრევენციის მიმართულებით განხორციელდა. წარმატებული რეფორმების შედეგად, 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ მონაცემები, წინა წელთან შედარებით, 4 პოზიციით გააუმჯობესა და ის მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რამდენიმე წელია, სტაბილურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
2016 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო 0,65 ქულით პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. რეგიონის 13 ქვეყანას შორის, საქართველო პირველ ადგილზეა შემდეგ ფაქტორებში: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების) და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება.
2016 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში ჩვენი ქვეყანა მე-8 ადგილზეა, რაც ადასტურებს, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხო ქვეყანა.
ყაზახეთის დელეგაცია საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის მიზანი მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის სისტემაში გატარებული რეფორმების გაცნობაა. დღესვე, უზენაეს სასამართლოში კონფერენცია გაიმართა, რომლის გახსნას იუსტიციის მინისტრი დაესწრო. კონფერენციის ფარგლებში, ყაზახი სტუმრები რეფორმების სფეროში ქართველი კოლეგების გამოცდილებას გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები