ინიციატივა, რომელიც ვიდეოფირზე და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის აღსრულების ახალ წესს ითვალისწინებს, პარლამენტს წარედგინა

პარლამენტს განსახილველად უკვე  წარედგინა მთავრობის ინიციატივა, რომელიც ვიდეოფირზე და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის აღსრულების ახალ წესს ითვალისწინებს.
პარლამენტში ინიცირებულია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.
​პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევის საკონტაქტო ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება, ვიდეოფირზე და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევების შესახებ პირს მოკლეტექსტური შეტყობინების გზით ეცნობება. აღნიშნული შეტყობინების ადრესატისთვის გაგზავნიდან  ათი კალენდარული დღის ვადაში ჯარიმის თანხის გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი სპეციალური საშეღავათო პირობებით სარგებლობს, რაც ჯარიმის თანხის ოდენობის 20 პროცენტამდე შემცირებას გულისხმობს.  თუ პირი აღნიშნული 10 დღის ვადაში მასზე დაკისრებული ჯარიმის თანხას არ დაფარავს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მისთვის საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ჩაბარების შემთხვევაში, ჯარიმის გადახდის ვადა ფოსტით ჩაბარების დღიდან აითვლება.
ამასთან, კანონპროექტით   რეგულირდება საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება. კერძოდ, ფოსტით საჯარიმო ქვითრის გაგზავნის გზით ჯარიმის ჩაუბარებლობლობის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნებას სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. საჯაროდ გამოქვეყნების დღიდან 30-ე დღეს საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისათვის ჩაბარებულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები