სახელმწიფო ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე იზრუნებს – კონსტიტუციაში დემოგრაფიის პოლიტიკის შესახებ ჩანაწერი გაკეთდება

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე კონსტიტუციაში დემოგრაფიული პოლიტიკის ასახვას ითხოვს. როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, დღეს საქართველო გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შევიდა. ხუნდაძის წინადადება პარლამენტის თავმჯდომარემ მოიწონა და უკვე შესაბამისი ფორმულირებაც მუშავდება.
„დემოგრაფიული მდგომარეობა, ტერიტორიული მთლიანობის შემდეგ, ყველაზე დიდი ეროვნული პრობლემაა ქვეყნისთვის, მით უმეტეს, დღეს, როდესაც შევედით გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში.
ეს კრიზისი მინიმუმ ერთი დემოგრაფიული თაობა, ანუ 30 წელი გაგრძელდება. დემოგრაფიული პრობლემები დღეს არ დაწყებულა. ეს სათავეს 90-იანი წლებიდან იღებს და ყოველწლიურად ღრმავდება. სწორედ ამიტომ მივიჩნევ მიზანშეწონილად, რომ კონსტიტუციაში აისახოს სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის შესახებ, თუნდაც მე-5-ე თავში, შემდეგი ფორმულირებით: “სახელმწიფო ზრუნავს ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებაზე და ამისთვის ქმნის ყველა შესაძლო პირობას”.
ამ საკითხის ფორმულირება იურისტებთან ერთად უნდა მოხდეს”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ხუნდაძის განცხადებით, ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანმა ვარდნამ, მძლავრმა შიდა მიგრაციამ, სასაზღვრო ზოლის დაცლამ, მილიონზე მეტი ადამიანის ქვეყნიდან გასვლამ, დაბალმა შობადობამ… დემოგრაფიული თვალსაზრისით, მძიმე სურათი შექმნა. დეპუტატის თქმით, სახელმწიფომ დემოგრაფიული თვალსაზრისით არსებული რეალური პრობლემები გაათვითცნობიერა და კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი რომ სახელმწიფო ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის იზრუნებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები