„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი ოფიციალურად წარადგინა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი ოფიციალურად წარადგინა. უდუმაშვილის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება მეტეხის ტაძრის ეზოში, გორგასლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
ზაალ უდუმაშვილის კანდიდატად დასახელებას მეტეხის ტაძრის ეზოში შეკრებილი მოსახლეობა ტაშით შეხვდა. მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ წარადგინა.
„მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. ამდენი წელია, მისმენდით თქვენს სახლებში, მისმენდით და იგებდით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში. მოვიდა დრო, მოვისმინო თქვენი აზრი თბილისის ქუჩებში, ეზოებში, სახლებში, პარკებსა და სკვერებში, მეტროსადგურებსა და ავტობუსებში – ყველგან, სადაც ხართ, ყველგან, სადაც თბილისია. მოვიდა დრო, მოვიდე თქვენთან და მოგისმინოთ, რათა გავიგო, რა გიჭირთ, როგორ ცხოვრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იცხოვროთ უკეთესად. თბილისელები გაბრაზებულები ვართ, რადგან ჩვენი ქალაქი ასე უყურადღებოდ არასოდეს ყოფილა მიტოვებული, როგორც დღეს. მე ვარ გაბრაზებული თბილისის მერობის კანდიდატი. მინდა, გავხდე ჩვენი ქალაქის მერი, რათა თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი. მე მაქვს მიზანი და მოტივაცია, თბილისელების ცხოვრება გავხადო ღირსეული“, – განაცხადა უდუმაშვილმა მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები