ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს აღარ დარჩა რესურსი, საზოგადოებას კონსტიტუციასთან დაკავშირებით ესაუბროს

„აქ დებატებზე საუბარი არ არის. აქ საუბარია იმაზე, რომ საზოგადოების წინაშე ერთად ვისაუბროთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, თუმცა, გარწმუნებთ, რომ პრეზიდენტი ვერ მოვა ერთი მარტივი მიზეზის გამო – მას არაფერი არ აქვს სათქმელი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა იმ ბრალდებებსაც, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დაიგეგმა.
„ ამ ბრალდებას ძალიან მარტივად გავეცით პასუხი. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი კონკრეტული პირის წინააღმდეგ: საარჩევნო წესის ცვლილება, სტატუსის ცვლილება, კომპეტენციების ცვლილება. რაც შეეხება არჩევნებს – საარჩევნო წესი რჩება ძალაში, ანუ გიორგი მარგველაშვილს რჩება თეორიული შანსი, რომ კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი არჩევნებში, შესაბამისად, ეს კითხვა მთლიანად არის მოხსნილი. სტატუსი მთლიანად რჩება ძალაში, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს მეთაურად, მთავარსარდლად და წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში და რაც შეეხება კომპეტენციებს, ორად ორი კორექტივია შეტანილი, ორივე წმინდა იურიდიული მოსაზრებებიდან გამომდინარე. არანაირი არსებითი ცვლილება არ ეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებსაც. აქედან გამომდინარე, ამ ბრალდებას ძალიან მარტივად გაეცა პასუხი და შესაბამისად, ბუნებრივია, პრეზიდენტს აღარ დარჩა იმის რესურსი, რომ საზოგადოებას ესაუბროს კონსტიტუციასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, პრეზიდენტის პოზიციები სუსტია.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა მუხლში არის წინსვლა და არის უამრავი ისეთი ნორმა, რომლითაც მმართველი გუნდი სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს იუარესებს.

„არცერთი მუხლი არ არსებობს, სადაც არ გვაქვს ჩვენ წინსვლა და არის უამრავი შემთხვევა, სადაც ჩვენ ვიუარესებთ საკუთარი სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს. ეს ეხება იგივე საარჩევნო სისტემას, ოპოზიციის უფლებებს და ასე შემდეგ, უამრავი ასეთი ჩანაწერი და ნორმაა კონსტიტუციაში, აქედან გამომდინარე საუბარი სუბიექტურ ინტერესებზე, როდესაც საქმე ეხება „ქართულ ოცნებას“ არის აბსოლუტურად ზედმეტი და არ არის დაფუძნებული არგუმენტებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები