შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა CIECA-ს კონგრესში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა ნორვეგიაში, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის Cieca-ს 49-ე საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. შს სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესის ფარგლებში, ქართულმა მხარემ „სიეკას” დელეგატებისთვის საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხების პრეზენტაცია წარადგინა. სააგენტოს წარმომადგენელმა ევროპელ კოლეგებს ამ მიმართულებით მომსახურების სააგენტოში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პრეზენტაციაში გათვალისწინებული იყო ის რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელიც ქართულმა მხარემ მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის ექსპერტების საქართველოში ვიზიტის დროს მიიღო.
საერთაშორისო კონგრესის ერთ-ერთი თემა მართვის მოწმობის ინსტრუქტორებისა და გამომცდელების გადამზადება იყო. აღნიშნულ კონგრესს სულ 37 ქვეყნის 75 დელეგატი ესწრებოდა. ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებთან შეხვედრები გამართა და ამ მიმართულებით, ევროპის წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას გაეცნო.
Cieca მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1956 წელს დაარსდა და ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების შემუშავებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს. შსს-ს მომსახურების სააგენტო Cieca-ში 2014 წელს გაწევრიანდა და აღნიშნულ ორგანიზაციასთან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს. სააგენტო სისტემატურად მონაწილეობს მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამართულ სხვადასხვა სემინარსა და კონგრესებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები