მთავარი პროკურორის მოადგილეს და პროკურატურის წარმომადგენლებს საქართველოში ამერიკის ელჩის მადლობის სიგელები გადაეცათ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერიმ, წარმატებული თანამშრომლობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს, მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსს, ნიკოლოზ დგებუაძეს, ამავე დეპარტამენტის პროკურორებს – თეა გიორგაძეს, ირინე ჩოჩიასა და მილენა მითაიშვილს, ასევე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორს, ქეთევან გურაშვილს მადლობის სიგელები გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ესწრებოდნენ. მთავარმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა ნიკოლას ბერლინერის და აშშ-ის საელჩოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების საქმეში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
პროკურატურის თანამშრომლებისთვის მადლობის სიგელების გადაცემა აშშ-ის საელჩოს და შს სამინისტროს ამხანაგური საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე მოხდა. ფეხბურთის მატჩს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე ჩუბინიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი და საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები შსს-ს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებსაც გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები