დიმიტრი ქიტოშვილის თქმით, „იბერიას“ ლიცენზიის ჩამორთმევის გეგმა ადეიშვილმა შეიმუშავა

ტელეკომპანია „იბერიასთვის“ ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მორიგ პროცესზე, ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი დაიკითხა. მისი განცხადებით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა კონკრეტული გეგმა შეიმუშავა, რომლითაც „იბერიას“ ლიცენზია უნდა ჩამორთმეოდა.
როგორც ქიტოშვილმა სასამართლოზე აღნიშნა, 2004 წელს, ადეიშვილმა მას „იბერიას“ მისთვის ნდობით აღჭურვილ პირზე გადაფორმება დაავალა. თავდაპირველად, ქიტოშვილმა ლიცენზია მეგობარ დავით კაკაურიძეს გადაუფორმა, 2006 წელს კი – მეორე მეგობარს, ბიძინა ნიჟარაძეს.
ქიტოშვილის თქმითვე, 2007 წელს, ადეიშვილის გადაწყვეტილებით, „იბერიას“ ლიცენზიის საბოლოო მფლობელი სოსო მგელაძე გახდა.
„პროცესზე მოწმე ქიტოშვილმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ტელეკომპანიის გადაფორმების გეგმა ზურაბ ადეიშვილის მიერ იყო მოფიქრებული, ხოლო თვითონ ამ ინსტრუქციას ასრულებდა“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა.
შეგახსენებთ: მთავარმა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე, რომელსაც მთავარი საგამოძიებო უწყება სამი წელი იძიებდა და , რომელზეც ბრალი ყოფილ გენერალურ პროლურორსა და იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, ასევე, მის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს აქვთ წაყენებული, ცალკე წარმოებად გამოიყო. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი მოწმე დაიკითხა, გამოძებას ჩვენებები „ომეგა ჯგუფის“ და, შესაბამისად, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმაც მისცეს. „იბერიას“ საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა. „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამძიება კი მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.
„იბერიას“ ლიცენზია 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზირებული/გასართობი) დაუბრუნდა. ტელევიზია ეთერში ერთი წლის წინ, საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა.
„იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 6 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები