“ევროკავშირს, ადრე თუ გვიან, ქართველი ხალხის ნების გათვალისწინება მოუწევს”,- ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძე არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობა ახლა პიკშია.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს საქართველო ძალიან სჭირდება.
„გადავლილია ის ფაზა, როდესაც წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი შეხვედრების დროსაც დაძაბულობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაცია დიპლომატიური პასპორტებისთვის შეჩერებულია, მოწვევებს მაინც ვღებულობთ და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში უპრობლემოდ დავდივართ, ვხვდებით ჩვენს კოლეგებს, რომლებიც კარგად იაზრებენ, რომ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ტურბულენტობებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებელია.
დარწმუნებული ვარ, ევროკავშირს მოუწევს იმის გააზრება, რომ თვითონ შევიდა ისეთ სპირალში, საიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირთ. ამ ურთიერთობების გადაწყობა-გადალაგება არ არის მხოლოდ ისე, რომ „ქართული ოცნება“, საქართველოს მოსახლეობა ისევ თავჩახრილი იყოს. როდესაც დემოკრატიაზე და პარტნიორობაზე საუბრობენ, გაიაზრონ, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავისი ინტერესები აქვს, ჩვენ ევროკავშირში წევრობა გვინდა ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.