ბექა ნაცვლიშვილი: ვინც საქართველოს კურირებს, იმ ჯგუფში ყველაზე მარგინალური ევროპარლამენტარები არიან
“ჩვენ ვპასუხობთ ყველაზე მარგინალურ ევროპარლამენტარებს – ვინც საქართველოს კურირებს, იმ ჯგუფში ყველაზე მარგინალური ევროპარლამენტარები არიან. ჩვენ კი მათ ვპასუხობთ ემოციურად და პიროვნულ დონეზე”,- ამის შესახებ პოლიტეკონომისტმა ბექა ნაცვლიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირთან საქართველოს რიტორიკა განსხვავებული უნდა ყოფილიყო.
„თუ ჩვენ მათთან უფრო ღირსეულად გვექნება ურთიერთობა, საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციაც უფრო მაღალი იქნება და ისინიც მიხვდებიან, რომ რასაც აკეთებენ, ეს არის აბსურდული.
ვიცით ბალტიისპირეთის წარმომადგენლების დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ. ისინი ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“, მიუხედავად იმისა, ეს უკანასკნელი რა პოლიტიკას გაატარებს. იცით რატომ? – მათ აქვთ განცდა, რომ მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბევრად უფრო რუსოფობიულ პოლიტიკას გაატარებდა, ვიდრე „ქართული ოცნება“.
2022 წელს, როდესაც ომი დაიწყო, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები ამხელა წონას არ ფლობდნენ, მაგრამ რადგან უკრაინაში ომი დაიწყო და ეს გახდა აღმოსავლეთ ევროპის საკითხი, მათი პოზიცია გაძლიერდა.
არავის წარმოიდგენდა, რომ კაია კალასი ევროკავშირის საგარეო კომისარი გახდებოდა. მაგრამ რადგან ეს ქვეყნები მოძლიერებულები არიან და უკრაინის კონფლიქტი მათ უკავშირდება, ეს ჯგუფები მოძლიერდნენ და გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით რიტორიკა არის ბევრად უფრო ხისტი“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.