მაია ბითაძე: ევროკავშირში გაწევრიანების ინსტრუმენტალიზაციამ ისეთი მახინჯი ფორმა მიიღო, რომელიც დამაზიანებელია ევროკავშირისთვის
“ევროკავშირში გაწევრიანების ინსტრუმენტალიზაციამ ისეთი მახინჯი ფორმა მიიღო, რომელიც დამაზიანებელია ევროკავშირისთვის”-ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში, ახალი მენეჯმენტის და ხელმძღვანელობის პირობებში, ძალიან მოხშირდა კანდიდატის სახელმწიფოების „დაშანტაჟების“ სხვადასხვა მეთოდი.
„ძალიან მოხშირდა კანდიდატი სახელმწიფოების ე.წ. დაშანტაჟების სხვადასხვა მეთოდი. მაკედონიასთან სხვა მოთხოვნები აქვთ, ჩვენთან ეს მოთხოვნები აქვთ, სერბეთთან სხვა, ასე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ინსტრუმენტალიზაციამ ისეთი მახინჯი ფორმა მიიღო, რომელიც დამაზიანებელია ევროკავშირისთვის“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირს მოუწევს იმის გააზრება, რომ თვითონ შევიდა ისეთ სპირალში, საიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირთ.
„ამ ურთიერთობების გადაწყობა-გადალაგება არ არის მხოლოდ ისე, რომ „ქართული ოცნება“, საქართველოს მოსახლეობა ისევ თავჩახრილი იყოს. როდესაც დემოკრატიაზე და პარტნიორობაზე საუბრობენ, გაიაზრონ, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავისი ინტერესები აქვს, ჩვენ ევროკავშირში წევრობა გვინდა ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.