25-მა ორგანიზაციამ კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღება მოითხოვა

25 -მა ორგანიზაციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას წერილით მიმართა და კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის, ამოღება მოითხოვა. ამავე მიზნით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კამპანია „კონსტიტუცია თანასწორობისთვის“ წამოიწყეს. როგორც კამპანიის წარმომადგენლებმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადეს, 94-ე მუხლში ასახული ეკონომიკური თავისუფლების აქტი სახელმწიფოს და პარლამენტს ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვის ან შეცვლის ფუნქციას უზღუდავს.
„საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, ეკონომიკური თავისუფლების აქტის ასახვას წარმოადგენს. 2012 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარუდგინა პარლამენტს ინიციატივა, კონსტიტუციაში ეკონომიკური თავისუფლების აქტიდან რამდენიმე პუნქტის ჩაწერის შესახებ. აქ ჩაწერილია ის, რომ საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადის ზრდა ან გადასახადების ახალი სისტემის შემოღება შეუძლებელია რეფერენდუმის გარეშე . ეს აქტი ზღუდავს თავად პარლამენტის და სახელმწიფოს პრეროგატივას, შეასრულოს მისი წარმომადგენლობითი ფუნქცია, შეცვალოს ან დაგეგმოს ეკონომიკური პოლიტიკა. ეს მუხლი ანტიდემოკრატიული და ანტისახალხოა. ის, ერთი მხრივ, ზღუდავს წარმომადგენლობით დემოკრატიას, რისთვისაც ჩვენ ვირჩევთ მთავრობებს , მეორე მხრივ, ის ზღუდავს ხალხს, რომ ასეთი ინიცირება თავად გააკეთონ. არ არსებობს დღეს არცერთი რაციონალური არგუმენტი იმისა, რატომაც შეიძლება ეს მუხლი კონსტიტუციაში დარჩეს. ეს მუხლი ყოველგვარი ფართო საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის გარეშეა მიღებული. ჩვენი კამპანია აპირებს, კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს“,- აცხადებენ კამპანიის, „კონსტიტუცია თანასწორობისთვის“ წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები