„პოლიტიზირებული ადამიანები ცდილობენ, თავისი მიზნებისთვის გამოიყენონ ეს პრობლემა“ –ჯეჯელავა 162–ე სკოლაში შექმნილ ვითარებაზე

თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ხვალიდან აღდგება.
დღეს სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზეზი პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმია.
პედაგოგების განცხადებით, გუშინ, განათლების მინისტრისგან პირდაპირ ეთერში შეიტყვეს, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლა 162-ე სკოლის შენობაში გადადის. პედაგოგები ვარაუდობენ, რომ მოხდება კადრების ოპტიმიზაცია.
როგორც პედაგოგები ამბობენ, მათ სკოლის დირექტორმა უთხრა, რომ ხელი მოწერილი აქვს მემორანდუმზე, თუმცა მათივე ინფორმაციით, დირექტორმა დოკუმენტის შინაარსის შესახებ არაფერი იცოდა.
162-ე სკოლაში განათლების სამინისტროს წარმომადგენლები სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ.
საკითხზე კომენტარი გააკეთა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრი პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა.
ჯეჯელავას თქმით, მემორანდუმი იმ შემთხვევაში არ ამოქმედდება, თუ სკოლის პედაგოგები და მშობლები ამაზე უარს იტყვიან.
მისი თქმით, კონკრეტული პოლიტიზებული ადამიანები ცდილობენ,  ეს პრობლემა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.
“დღეს საქმე გვაქვს იმასთან, რომ კონკრეტული პოლიტიზებული ადამიანები ცდილობენ, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ ეს პრობლემა. პირობას ვდებ, ჩემი მხრიდან ნებისმიერი მემორანდუმი და კონკრეტულად ეს მემორანდუმიც, თუ კოლექტივის სურვილიც არ იქნება, დაკარგავს ძალას”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
162-ე საჯარო სკოლის დირექტორი სოფო ფანცულაია მზად არის, თანამდებობა დატოვოს, თუმცა ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ 162-ე სკოლის დირექტორი თანამდებობაზე უნდა დარჩეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები