საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის კუთხით ქართული მხარე ისრაელის გამოცდილებას გაეცნო

ისრაელის წამყვანი ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“-ის მიწვევით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და ზედამხედველობაზე უფლებამოსილი უწყებების ხელმძღვანელი პირები სამუშაო ვიზიტით თელავივში იმყოფებოდნენ.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, ავიაკომპანიის მიერ ორგანიზებული შეხვედრები მიზნად ისახავდა ქართული მხარისათვის საავიაციო უშიშროების სფეროში ცოდნისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ ზომებს, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან დაცვის პრევენციულ ღონისძიებებს, აეროპორტებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების (ავიაკომპანიების) საქმიანობის კონტროლის პროცესს და პროცედურებს. მოეწყო ბენ გურიონის აეროპორტის შესაბამისი ინფრასტრუქტურის დათვალიერებაც.

„ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, დელეგაციის წევრებს შეხვდა აგრეთვე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, წარმოშობით ქართველი ციპი ხოტოველი, რომელმაც გამოხატა სურვილი და მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისათვის ქვეყნებს შორის მიმოსვლის ხელშეწყობის კუთხით.

საავიაციო უშიშროებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, „El Al Israel Airlines“ ერთ-ერთ მოწინავე ავიაგადამზიდველად ითვლება მსოფლიოში. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, „El Al ისრაელის ავიახაზების“ უსაფრთხოების სამსახური ერთადერთი უწყებაა ქვეყანაში, რომელიც ახორციელებს ისრაელის ყველა მოქმედი ავიაკომპანიის საავიაციო უშიშროების ზომების უზრუნველყოფას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2016 წლის ზაფხულიდან ოპერირებს“, – აცხადებენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები