საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით ბუდაპეშტში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით, ბუდაპეშტში იმყოფება. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც გიორგი ხატიძე, ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი ლომია არიან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები გამართა უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან, უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის საქმეთა მინისტრთან, უნგრეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან, უნგრეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან და წევრებთან, უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან.
შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობათა პრიორიტეტებზე. განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, ისაუბრეს ორმხრივი და მრავალმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე და მიმოიხილეს პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. განიხილეს საქართველოს სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, რაშიც საქართველოს უნგრეთის სრული მხარდაჭერა აქვს. შეხვედრების დროს ქართველ დეპუტატებს საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და მიმდინარე რეფორმების მიმართ სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკურ, სავაჭრო და საგანმანათლებლო სფეროებში. განიხილეს საქართველოს ტურიზმის პოტენციალი და იმსჯელეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
„ძალიან პროდუქტიული და საინტერესო შეხვედრები გავმართეთ დღეს ჩვენს კოლეგებთან პარლამენტში, რომლებთანაც საუბარი გვქონდა კონკრეტული თანამშრომლობის პერსპექტივებზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომლის მოწვევითაც ვიმყოფებით უნგრეთში, ვისაუბრეთ ვიშეგრადის ჯგუფთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობაზე, მას შემდეგ, რაც უნგრეთი თავმჯდომარეობას გადაიბარებს ივლისიდან. დავსახეთ გეგმები, რომ ამ მიმართულებით ვიშეგრადის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებსა და ჩვენს კომიტეტს შორის გავააქტიუროთ თანამშრომლობა. ასევე, მიმოვიხილეთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ვიზალიბერალიზაციის შემდგომი დღის წესრიგი. ამ მიმართულებითაც უნგრეთის მხრიდან არის სრული მხარდაჭერა, ისევე, როგორც ნატოში ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ”, – განაცხადა  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები