„გერმანელები საქართველოში – მხატვრობა, არქიტექტურა, მეცნიერება“ – გამოფენა გაიმართება

12 აპრილს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, წარმოადგენს გამოფენას: „გერმანელები საქართველოში – მხატვრობა, არქიტექტურა, მეცნიერება“. როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზუმში განუცხადეს, 2017 წელი ქართულ-გერმანული ურთიერთობების საიუბილეო წელია და ამ მოვლენას ორივე ქვეყანა მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავს.
ქართველებსა და გერმანელებს შორის მჭიდრო კავშირი 200 წელია გრძელდება. ურთიერთობები მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოში პირველად ჩამოასახლეს გერმანელები, რომლებიც სოფლის მეურნეობითა და ხელოსნობით დაკავდნენ. საქართველო ასევე იზიდავდა გერმანელ სწავლულებს, არქიტექტორებს, ლიტერატორებს, ხელოვანებსა და საქმიანი წრეების სხვა წარმომადგენლებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ სწორედ გერმანელი ბუნებისმეტყველისა და ეთნოგრაფის, გუსტავ რადეს თაოსნობით, 1965 წელს დაარსდა „კავკასიის მუზეუმი“. ამ პერიოდში საქართველოში მოღვაწეობდნენ გერმანელ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა გამორჩეული წარმომადგენლები, მათ შორის მხატვრები, მკვლევრები, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს იმდროინდელი ქართული კულტურისა და ეკონომიკის განვითარებაში.
„გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა გერმანელი მხატვრების მიერ შესრულებულ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, არქიტექტურულ ნახაზებსა და მრავალფეროვან ფოტომასალას.
ეროვნული გალერეა, კლასიკური გიმნაზია, თბილისის საკრებულოს შენობა – ისტორიული ნაგებობების ის მცირე ჩამონათვალია, რომლებიც გერმანელი არქიტექტორების ესკიზებითაა აგებული. საგულისხმოა, რომ გერმანელები ორგანულად შეერწყნენ თბილისს და ბუნებრივად შესძინეს ევროპული ხიბლი. თითოეული შენობა სწორედ ორი კულტურისა და არქიტექტურის ნაზავია. გამოფენაზე წარმოდგენილი არქიტექტურული ნახაზები საინტერესოა იმის საჩვენებლადაც, თუ როგორ გავლენას ახდენს ქართული კულტურა ევროპული არქიტექტურის ნიმუშებზე.
საგულისხმოა, რომ კავკასიის რეგიონი და საქართველო ცნობილი გერმანელი მხატვრების ყურადღებასაც იქცევდა. გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების შემოქმედებას: ოსკარ შმერლინგის, თეოდორ ჰორშელტის, ბორის ფოგელის, მაქს ტილკეს, ირინა შტენბერგის, რიჰარდ ზომერის, ალექსანდრე ზალცმანისა და სხვათა ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს.
მეცნიერებისა და კულტურის სფეროს გარდა გერმანელები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში. ეს ტრადიციები ღრმაა და უკავშირდება ცნობილ სახელებს, როგორებიცაა ოტო და ვალტერ სიმენსები, აგრეთვე, ძმები ჰუმელები, ძმები ფორერები, ზემელი და სხვ.
გერმანულ-ქართულ მეცნიერულ, კულტურულსა და ეკონომიკურ ურთიერთობებს მუდამ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა იმ წრეებისაგან, რომლებიც გერმანიის საერთაშორისო პოლიტიკას ქმნიან.
ტრადიციების ლოგიკური გაგრძელებაა ის ერთობლივი პროექტები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი გასულ წლებში ახორციელებდა გერმანელ პარტნიორებთან ერთად. მათ შორისაა პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი, ზენკენბერგის მუზეუმი, გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის სამთო მუზეუმი და სხვა“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა. შოთა რუსთაველის გამზ. 11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები