სომხეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დელეგაციას უმასპინძლა
სომხეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დელეგაციას უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი და კარტოგრაფიის განყოფილების უფროსი ბექა ღაჟონია.
საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები, რომელთა მიზანი იყო საბიბლიოთეკო და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.
სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკის საერთო სამკითხველო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა ქართული ლიტერატურის კუთხე.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გამოფენა „ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობა სომხეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში – 1783-2025 წწ.“, სადაც წარმოდგენილი იყო სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციებში დაცული პუბლიკაციები და თარგმანები ქართულ ენაზე. გამოფენა მიზნად ისახავდა სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციებში არსებული ქართული ბიბლიოგრაფიის წარმოჩენას და სომხურ-ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურული კავშირების ხაზგასმას.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის კავშირების განმტკიცებას, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.