“3-4 წელია საქართველო ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს, გვაქვს მოცემულობა, რომ ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება” – ოთარ ანგურიძე

“სამი-ოთხი წელია საქართველო ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს, გვაქვს მოცემულობა, რომ ეს ტენდენცია აუცილებლად შენარჩუნდება და გაგრძელდება”- ამის შესახებ ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ანგურიძე ევროკომისიის მიერ, 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 7,3 პროცენტამდე გაზრდას გამოეხმაურა.

“გუშინ ვნახეთ, რომ ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებაში ეკონომიკური ზრდის თავისი პროგნოზი გაზარდა. ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რომ IMF-მა თავისი ზრდის პროგნოზი გაზარდა, ასევე მსოფლიო ბანკის პროგნოზიც ვნახეთ. როცა ჩვენ ყოველ ახალ პროგნოზს ვხედავთ ყოველთვის პროგნოზის გაუმჯობესებაა. ანუ, პროგნოზი წინა პროგნოზის გაუმჯობესებული მაჩვენებლითაა. საერთაშორისო ორგანიზაციები ამ შეფასების ნაწილში განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ხოლმე, ეს ორგანიზაციები მაღალი საზოგადოებრივი და პროფესიული რეპუტაციით სარგებლობენ, ამიტომ ურჩევნიათ, შეფასების ნაწილში საწყის ეტაპზე შედარებით დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირონ და შემდგომ ეს მაჩვენებელი ზრდადი იყოს, ვიდრე, პირიქით: მაგალითად, გაზრდილი მაჩვენებელი თქვა და შემდგომ რეალური, ფაქტობრივი მდგომარეობა შემცირებული იყოს. გუშინაც ასეთი რამ ვნახეთ: ვერ ვიტყვით, რომ ევროკომისიას, რაიმე მიკერძოებულობა აქვს, პირიქით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკულია. ამ კრიტიკის, თავისი უარყოფითი დამოკიდებულების ფონზეც კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს. იმიტომ, რომ თვითონაც აკვირდებიან რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა ვითარებაა. ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებს მუდმივად სწავლობენ. მათ ჩვენი მთავრობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ და ამ ფონზე ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალ შეფასებას წერენ. ანუ, პრაქტიკულად, რაიმე ტიპის ცდომილება გამორიცხულია. ანუ, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში მათ შეფასებაში ტენდენციურები იქნებოდნენ (უარყოფითი მიმართულებით), თუმცა არ გამოუვიდათ იმიტომ, რომ ფაქტობრივი მოცემულობა ამის საფუძველს არ აძლევდათ. არა მარტო ფაქტობრივი, არამედ წინა წლების მდგომარეობაც. ანუ, პრაქტიკულად, სამი-ოთხი წელია საქართველო ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ეს ტენდენცია აუცილებლად შენარჩუნდება და გაგრძელდება. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო პერიოდში ეროვნულ ბანკს ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ ნიშნულამდე შეევსო; ვნახეთ, რომ ტურისტების ნაკადები ძალიან დიდი რაოდენობითაა , უცხოური კაპიტალის შემოდინებები ძალიან მაღალია, მათ შორის, ტრანზაქციები იქნება, თუ ინვესტიციები. საბოლოო ჯამში ყველაფერი ერთად იმის საფუძველს იძლევა, რომ ვთქვათ: ჩვენს ეკონომიკაში მაღალი ზრდის ტემპი შენარჩუნებული იქნება. მით უმეტეს, როდესაც ჩვენს მთავრობას დაანონსებული აქვს და პროექტის ნაწილი უკვე გაშვებულია, როგორიცაა მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვა. ანაკლიის პორტი უკვე აქტიური მშენებლობის ფაზაში შედის. აეროპორტის მშენებლობა უახლოეს პერიოდში იწყება და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ – ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების შემოდინება არ შეჩერდება, არ შეფერხდება, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკურ ზრდასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აისახება”,- განაცხადა ანგურიძემ.

ევროკომისიამ 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3 პროცენტამდე გაზარდა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აღემატება მის მიერ გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზს. ამასთან, აღნიშნული ზრდის მაჩვენებელი სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. ევროკომისია ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები