დავით ნარმანიამ ჩუღურეთის რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჩუღურეთის რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
დავით ნარმანია, რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად, ასხინის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც 3327 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოიხსნა გზის დაზიანებული საფარი, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები და დაიგო ახალი საფარი.
თბილისის მერი ლებარდეს ქუჩაზეც მივიდა, რომლის რეაბილიტაციაც ცოტა ხანის წინ დასრულდა. დავით ნარმანიამ მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა ქვალონის ქუჩაზეც. აღნიშნული გზის კაპიტალური შეკეთება თვის ბოლოს დასრულდება.
დღესვე, დავით ნარმანია „იას ბაღში“ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის თბილისის მასშტაბით სკოლებს შორის ფრენბურთის შეჯიბრებაში გამარჯვებული გუნდის წევრებს შეხვდა. ასევე, დაათვალიერა ახლად დამონტაჟებული სპორტული ტრენაჟორები. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, უახლოეს მომავალში, არსებული სკვერისა და სტადიონის რეაბილიტაციას დაიწყებს.
თბილისის მერმა ჩეჩელაშვილის ქუჩის N25-ში 35-მეტრიანი კედლის მოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერა. აღნიშნულ მისამართებზე ფერდის დამჭერი კონსტრუქციის მოწყობა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მოძრავი ქანები და ნაშალი მიწა საცხოვრებელი სახლების ეზოებში ხვდებოდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს საფრთხეს უქმნიდა.
„ჩუღურეთის რაიონში ინტენსიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები – რამდენიმე ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში კეთდება მიწისქვეშა კომუნიკაცია, იგება გზები, რათა მოქალაქეებს პრობლემები აღარ შეექმნათ და ჰქონდეთ კომფორტულად გადაადგილების საშუალება. ასევე, ვხდებით მოსახლეობას, ვეცნობით ადგილობრივების საჭიროებებს და მათთან ერთად ვგეგმავთ სამომავლო პროექტებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
აღსანიშნავია, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე, ცხრა საყრდენი კედელი მოაწყო. წლის ბოლომდე კი 21 ანალოგიური პროექტი განხორციელდება.
გარდა ამისა, დაგეგმილია 35 ქუჩისა და 70 შიდა ეზოს მოასფალტება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები