ფერმერების გადამზადების პროგრამა გრძელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, ფერმერების გადამზადება გრძელდება. რუსთავსა და მარნეულში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე 35-მდე ფერმერს ორკვირიანი ტრეინინგი ჩაუტარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა დაინტერესებული პირებისთვის, ფერმერებისა და აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის ბოსტნეული კულტურების (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვ) მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკის, სტრუქტურის და მართვის საკითხების, ასევე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების დაავადებების კონტროლისა და დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმების სწავლებას.
ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა სოფელ შულავერში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მზის ერთსივრციანი სათბურები დაათვალიერეს, კვლევების მიმდინარეობას გაეცნენ და ბოსტნეულის მყნობისა და ჩითილების გამოყვანის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
რიგით მერვე ტრეინინგის დახურვას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე დაესწრო და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
„სოფლის მეურნეობის და მათ შორის, სასათბურე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ჩვენი კლიმატური და ნიადაგური პირობები გვაძლევს შესაძლებლობას, არამარტო ჩვენი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, არამედ ქართული პროდუქცია ექსპორტზეც აქტიურად გავიტანოთ. გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული ტრენინგის ფარგლებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ფერმერებს სასათბურე მეურნეობის მოწყობაში გამოადგებათ“, – აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთში უკვე 400-მდე ქართველი ფერმერი/დაინტერესებული პირი გადამზადდა. პროექტის მონაწილე 30-კაციანი ჯგუფი ამ ეტაპზე, დამატებით ერთთვიან სასწავლო კურსს ჩინეთის რესპუბლიკაში გადის.
ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე ტრეინინგები მომავალშიც გაგრძელდება. ტრენინგებში მონაწილეობა უფასოა. შესავსები აპლიკაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ოფიციალურ facebook გვერდზე განთავსდება.
სასწავლო კურსები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამავე პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის მიერ კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მზის და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური აშენდა, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები