გამოცხადდა კონკურსი – „ქართული კალიგრაფია“
დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ხულოს კულტურის საჯარო ბიბლიოთეკა აცხადებს კონკურსს – ,,ქართული კალიგრაფია“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონკურსის მიზანია, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვნის – ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის-პოპულარიზაცია, ხელით წერის კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების VII-XI კლასების მოსწავლეებს.
1. კონკურსის ჩატარების ფორმატი:
კონკურსი მოიცავს 3 ტურს.
კონკურსის 1 ეტაპი – შესარჩევი ტური. შესარჩევ ტურში კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ:
ა) ლამაზად ნაწერი მხედრული ანბანით შესრულებული ნებისმიერი მათთვის სასურველი ტექსტი, 100-150 სიტყვის ოდენობით (საწერი მასალა და საშუალებები შეზღუდული არ არის).
ბ) მხოლოდ ორიგინალი (ასლი ან ელექტრონული ვერსია არ მიიღება).
გ) ნაწერს უნდა ერთვოდეს შემდეგი საკონკურსო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, პირადი ტელეფონის ნომერი.
2. კონკურსის II ეტაპი ჩატარდება შესაბამის საჯარო სკოლებში. საკონკურსო ჯგუფებს ადგილზე მიეცემათ შესაბამისი დავალებები.
ა) ხელნაწერის გვერდის ასლის გაკეთება;
ბ) ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გაკეთება;
3. კონკურსის III ეტაპი – დასკვნითი ტური ჩატარდება ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში დედაენის საერთაშორისო დღეს – 14 აპრილს; კონკურსანტებს ადგილზე მიეცემათ შესაბამისი დავალებები;
ა) ხელნაწერის გვერდის ასლის გაკეთება;
ბ) ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა.
ყოველი ტურის შედეგები გამოქვეყნდება ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.
II და III ტური კონკურსანტებისთვის ითვალისწინებს შემეცნებითი საუბრების ჩატარებას ქართული კალიგრაფიის ისტორიაზე, ტრადიციულ საწერ საშუალებებზე და სხვა.
მონაწილეთა ნამუშევრების შეფასებას უზრუნველყოფს კვალიფიციური ჟიური; ჟიურის შემადგენლობას ამტკიცებს ხულოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი.
კონკურსის ბოლოს, I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან 5 საუკეთესო ჯგუფში. გარდა ამისა, დასახელდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.
კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნიმუშები გამოიფინება და შემდეგში შეინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ჯილდოებს აწესებენ: კონკურსის ორგანიზატორები და სხვა მხარდამჭერი ორგანიზაციები.
სკოლებმა კონკურსის მონაწილეთა ხელნაწერები საჯარო ბიბლიოთეკაში უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 11 აპრილისა.
III ტურის შედეგები გმოცხადდება არაუგვიანეს 18 აპრილისა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 1 ივნისს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
საკონტაქტო ინფორმაცია: T 551 09 81 84; ლია ბოლქვაძე; /liana_bolqvadze @mail.ru/