დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებულ გენგეგმაზე მუშაობა დასკვნით ფაზაშია – ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში საკითხზე ექსპოზიცია გაიხსნება

“დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასკვნით ფაზაშია”, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო ჯგუფის – „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს საკითხთან დაკავშირებით საჯარო განხილვები, რათა გაანალიზებული და გათვალისწნებული იქნეს სპეციალისტებისა და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეების რეკომენდაციები.
სწორედ აღნიშნული მიზნით, ხვალ, 30 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ერთდღიანი გამოფენა მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალურ გეგმასთან დაკავშირებული მთელი რიგი საინტერესო ვიზუალური მასალები, რათა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს ის, თუ რა კონცეფციას ეფუძნება განახლებული გენერალური გეგმა.
„ჩვენ პრაქტიკულად, დამამთავრებელ ფაზაში ვიმყოფებით. ძალიან დიდი, ძალიან რთული და სერიოზული პროცესია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა. ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა საკითხის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებში, რათა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები საბოლოო პროექტში. სწორედ ამ მიზნით, ხვალ, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, გაიხსნება ერთდღიანი გამოფენა, სადაც ჩვენ მიერ წარმოდგენილი იქნება მთელი რიგი ვიზუალური მასალები, თუ როგორია ჩვენი ხედვა. ჩვენ პრაქტიკულად, მუდმივად ვისმენთ მოსაზრებებს მოქალაქეებისგან სპეციალისტებისგან და ეს გამოფენას სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დროდადრო ამ ექსპოზიციებს შეემატება ახალი ვიზუალური მასალა, რუკები და საბოლოოდ, საერთო განხილვების მოსაზრებების შეჯერების შედეგად, მივიღებთ საბოლოო პროექტს . ვფიქრობთ, რომ საბოლოო პროექტი ერთი თვის ვადაში შემუშავებული იქნება. ის უნდა მივაწოდოთ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს. დოკუმენტი საბოლოოდ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, რომ მან ნორმატიული სტატუსი შეიძინოს“, -განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები