კანაფისა და მარიხუანას კანონით დადგენილი ოდენობები იცვლება – სამართალდამრღვევს პატიმრობის ნაცვლად, სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვლება

ნარკოტიკული საშუალებების, კანაფისა და მარიხუანას კანონით დადგენილი ოდენობები იცვლება. მთავრობამ პარლამენტს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი წარუდგინა.
კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა იქნება 140 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, განსაკუთრებით დიდი ოდენობა – 1 000 გრამი, 250 გრამის ნაცვლად. მარიხუანას შემთხვევაში, გამომშრალი დიდი ოდენობა იქნება 70 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, ნედლი დიდი ოდენობა – 140 გრამი, 100 გრამის ნაცვლად.
კანაფის და მარიხუანის კანონით დადგენილი მცირე ოდენობები უცვლელი რჩება. არ იცვლება გამომშრალი და ნედლი მარიხუანის განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ცვლილებები ხორციელდება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ კანონში.
ამასთან, ”სისხლის სამართლის კოდექსში” ცალკე მუხლად გამოიყოფა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალებების – კანაფისა და მარიხუანას უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, გასაღების ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.
აღნიშნულ ქმედებაზე კოდექსის 260-ე მუხლი აღარ გავრცელდება. ამასთან, ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით, ცალკეულ შემთხვევებში, სასჯელის სახის – თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა ხდება.
ყველა საკანონმდებლო ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს.
ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები