ალექსანდრე ბარამიძე „OGP“-ის მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარეების შეხვედრაში მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარეების შეხვედრაში მონაწილეობს. ღონისძიებას საფრანგეთის მთავრობა მასპინძლობს და ის პარიზში იმართება. საფრანგეთი „OGP“-ის თავმჯდომარე, ხოლო საქართველო – თანათავმჯდომარე ქვეყანაა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარეები სახელმწიფოს რეფორმისა და გამარტივების დარგში, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი ვინსენტ პლასე და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი მანიშ ბაპნა მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ. საქართველოს, როგორც მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, მთავრობის გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს მმართველ კომიტეტს ალექსანდრე ბარამიძე წარუდგენს.
უწყების ცნობითვე, შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ, აგრეთვე, „OGP“-ის, როგორც საერთაშორისო ინიციატივის, გაძლიერების გზებზე, სტრატეგიულ მიზნებსა და მათი რეალიზაციისათვის დაგეგმილ ღონისძიებებზე. საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად, მმართველ კომიტეტს აზერბაიჯანში თებერვალში გამართული სამუშაო შეხვედრების შესახებ ანგარიშსაც წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები