გულიკო ზუმბაძე: სახელმწიფოს გარკვეული პასუხისმგებლობა გააჩნია ხანძრით დაზარალებულების მიმართ

“სტიქიის შემთხვევაში, სახელმწიფოსთან უნდა იქმნებოდეს კომისია, რომელიც ხელს შეუწყობს დაზარალებულთა ინტერესებს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ განაცხადა.
ზუმბაძეს მიაჩნია, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულების წინაშე მთავარი პასუხისმგებელია სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყარო“. ზუმბაძე თვლის, რომ სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
„თვითმმართველობის ორგანოებს რაც ევალებოდათ, ესაა საბანკო სექტორთან მოლაპარაკების პროცესი და ეს პროცესი დაწყებულია, 200-მა დაზარალებულმა მიმართა საკრებულოს და დაუწესდა შეღავათები, საბანკო სექტორიც მზადაა ამისთვის. მეორე მიმართულებაა, რომ დაზარალებულებს შეთავაზებოდათ ალტერნატიული ფართი და ამაშიც ჩაერთო საკრებულო. სახელმწიფოს გარკვეული პასუხისმგებლობა გააჩნია ხანძრით დაზარალებულთა მიმართ, მაგრამ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს,“ რადგან მათ უნდა ჰქონოდათ უსაფრთხოების პირობები. მე მოვუწოდებ დაზარალებულებს, ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მერიასთან. მათ ასევე, მინიჭებული აქვთ კანონით უფლება, მიიღონ ერთჯერადი დახმარებაც, სხვა ტიპის საშუალება არ გააჩნია მერიას. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაადგინონ მიზეზი დროულად, რამ გამოიწვია ხანძარი, ეს იყო ძალით გაჩენილი თუ შემთხვევით მომხდარი. მაქსიმალურად რაც შეუძლია ხელისუფლებას ამ ადამიანების დასახმარებლად, ყველაფერს აკეთებს. ჩვენ არ უნდა შევქმნათ პრეცედენტი, რომ ხვალ ახალი ბაზრობა გაეხვეს ცეცხლში“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები