ზაზა ოქუაშვილმა 21 მარტისადმი მიძღვნილ გამოფენა-გაყიდვაზე ერთ-ერთი საუკეთესო ნახატი შეიძინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სხდომათა დარბაზში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის – 21 მარტისადმი მიძღვნილ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელზეც შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის – „თანას“ და ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან არსებული სპეციალური საჭიროების მქონე პირთა „დღის ცენტრის“ აღსაზრდელების 30-მდე ნახატი და ხელნაკეთი ნივთი იყო წარმოდგენილი, ერთ-ერთი საუკეთესო ნახატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელმა შეიძინა და დღის ცენტრს, საქველმოქმედო მიზნით, 300 ლარი გადაურიცხა.
ღონისძიებას – „ჩემი ხმა საზოგადოებაში“ უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა, რომელმაც 1000 ლარს გადააჭარბა, ორივე ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებზე დაიხარჯება.
„თანას“ და „დღის ცენტრის“ ხელმძღვანელებმა – ნანა საყვარელიძემ და მაია ქათამაძემ კანონმდებლებს გულითბილი მიღებისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს.
გამოფენა-გაყიდვის დასასრულს, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს.