ე. წ „ციანიდის საქმის“ ადვოკატი ფაქტზე დააკავეს? – რა ბრალდებას უყენებს ირაკლი მამალაძე რამიშვილს

ე.წ ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე მამა გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიმართ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ირაკლი მამალაძე აცხადებს, 2011 წლის 19 ივნისს, ტაშკენტის ქუჩაზე, ადვოკატი სამართალდამცველებმა ფაქტზე დააკავეს.
მამალაძის ინფორმაციით, რამიშვილს თან ჰქონდა ორი იარაღი – ავტომატი და პისტოლეტი. გამოცემასთან საუბრისას მამალაძე ჰყვება, რომ ადვოკატმა კონკრეტულ პირებს ესროლა.
„დაიჭირეს, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ გირაოთი გაათავისუფლა, 2013 წელს კი ამნისტიის საფუძველზე, მის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა. ეს კარგად იცის ყველა ადვოკატმა, რომელსაც მასთან ჰქონია შეხება. აშკარაა, რომ უკანონო იარაღთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება აქვს მიხეილ რამიშვილს და ამიტომაც ცდილობს, ასეთ სიბინძურესთან ჩემ დაკავშირებას. ეს ადამიანი დაქირავებულია იმიტომ, რომ მამა გიორგიმ არ დაასახელოს ჯგუფის წევრები. ის „ციანიდის საქმეში“ სწორედ ამ ხაზს უზრუნველყოფს” ,- განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
​აღნიშნული ბრალდების გადასამოწმებლად, „პრაიმტაიმი“ თავად ადვოკატს დაუკავშირდა, რომელმაც მამალაძის ამ განცხადებას აბსურდი უწოდა და აღნიშნა, რომ მას პრობლემა სიცოცხლესთან სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადვოკატობის პერიოდში გაუჩნდა. „ვინც ამას ამბობს, კარგად გაიხსენონ, სანდრო გირგვლიანის პროცესი რომ მიმყავდა და ეს საქმე მე ბოლომდე მივიყვანე. თუ ვინმეს დაავიწყდა, რა უნდოდათ ჩემგან და რა პრობლემები უნდა შეექმნათ ჩემთვის, კარგად გადახედონ არქივს. მე კრიმინალური პრობლემა არასდროს მქონია. 13 წელია, ადვოკატი ვარ, რომელ იარაღზე მელაპარაკება ირაკლი მამალაძე, მე სიცოცხლესთან მქონდა პრობლემა, როდესაც გირგვლიანის საქმე მიმყავდა. კი ბატონო, პრობლემები მქონდა და გითხარით- ეს უკავშირდებოდა სანდრო გირგვლიანის საქმეში ჩემს ჩართულობას. ცოტა გონს მოეგოს ირაკლი მამალაძე და იცოდეს, ვისზე იტლიკინოს. რაიმე მსგავსი რომ ყოფილიყო, სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატს ვინმე გამაჩერებდა გარეთ „ნაციონალების“ დროს?!” – განაცხადა ირაკლი მამალაძის საპასუხოდ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები