ლევან მაჭავარიანი: ხელისუფლებაში ვართ 2012 წლიდან და საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა, ჩვენი მშვიდობის საფუძველი სწორედ ჩვენი საგარეო პოლიტიკაა
ჩვენი მშვიდობის საფუძველი, სწორედ ჩვენი საგარეო პოლიტიკაა, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს ბალანსს პრაგმატული, ფრთხილი პოლიტიკიდან გამომდინარე:
„ჩვენ ვართ ხელისუფლებაში 2012 წლიდან და მადლობა ღმერთს, საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა. ჩვენ ამ წლების განმავლობაში და მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც რუსეთის აგრესია განხორციელდა უკრაინაში, ძალიან დიდი ზეწოლის და წნეხის ქვეშ ვიყავით, ამასთანავე, ძალიან სერიოზული იყო შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება, ვინაიდან ვიღაცებს სურთ საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენება ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა, რაზეც ბუნებრივია უარი მიიღეს. მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ ამ ბალანსს, ჩვენი დაბალანსებული, პრაგმატული, ფრთხილი პოლიტიკიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა, თუკი რაიმე ტიპის საფრთხე არსებობს თეორიაში და შეიძლება ეს გადაიზღვეს ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისათვის, რომ ეს საფრთხე იქნას გადაზღვეული.
„ქართულ ოცნებას“ გვახასიათებს ასჯერ გაზომვა თითოეული განცხადების, თითოეული გადადგმული ნაბიჯის და სიტუაციის ყველა ჭრილში შეფასება. ყველაფერი დაუბრალებიათ და სიმჩატე „ქართული ოცნებისთვის“ ნამდვილად არავის დაუბრალებია. შესაბამისად, ჩვენი მშვიდობის საფუძველი სწორედ ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკაა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.