პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია საქართველოს არჩევანია და მმართველი გუნდის ამის გადახედვას არ აპირებს.
როგორც მან „დებატების“ ეთერში განმარტა, ამჟამად ევროინტეგრაციის კუთხით არსებობს გარკვეული შეფერხება, თუმცა ეს თავად ევროკავშირის მიერ არის გამოწვეული.
„რაც შეეხება ევროკავშირს, ეს ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ჩვენ ამის გადახედვას არ ვაპირებთ. ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და ეს NATO-საც ეხება და ევროკავშირსაც. თუმცა, ჩვენ გვაქვს სირთულეები და ამ სირთულეებზე ბევრი გვისაუბრია. დღეს, ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. რადიკალური ოპოზიცია როგორც არ უნდა ეცადოს, რომ ჩვენ დაგვაბრალოს შეჩერების პროცესი, ეს ყველაფერი შეჩერდა 2024 წლის ივნისში. არსებობს ბატონი ჰერჩინსკის წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მათ მხრიდან შეჩერება მოხდა 2024 წლის ივნისის თვეში და მათ საბაბად გამოიყენეს ორი პროექტი, ეს არის გამჭვირვალობის ქართული კანონი, რომელიც რუსულად მონათლეს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და ევრობიუროკრატებმა, მაგრამ დადასტურდა რომ იქ რუსული არაფერი არ არის. დღეს ყველა საღად მოაზროვნე ხედავს, რომ ტყუილში იყო შეყვანილი. მეორე, ეს არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი იგივე ანტიLGBT პროპაგანდა კანონი. მე ძალიან მოკლედ შევეცდები განუმარტო ჩვენს საზოგადოებას რატომ არ გავიწვიეთ ჩვენ ეს ორი კანონი. პირველი კანონი ეხებოდა და ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით გარე ჩარევის რისკებზე, დღეს ყველაფერი დადასტურებულია. ჩვენს მერე, ანალოგიური კანონი მიიღო კანადამ, საფრანგეთმა, გაამკაცრა დიდმა ბრიტანეთმა და ახლა ევროკავშირი ამკაცრებს ანალოგიურ კანონს. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გარკვეულ საფრთხეებს ვხედავდით იგივე USAID-ის, NED-ის მიმართულებით, რაც ბატონი ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, ძალიან ბევრ რაღაცას დაერქვა თავისი სახელი – USAID-იც, NED-იც გამოცხადდა კრიმინალურ ორგანიზაციებად. ფაქტებით და მტკიცებულებებით დადასტურდა ყველა ის საფრთხე და რისკი, რაზეც „ქართული ოცნება“ ვსაუბრობდით. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს. რაც შეეხება ანტი LGBT პროპაგანდა კანონს, ეს ჩვენთვის არის წითელი ხაზი. თუ ვიღაც ჩვენ გვაბრალებს, რომ ეს „ქართული ოცნების“ გამოგონილი რისკები და საფრთხეებია, თავი დაგვანებონ და ჩვენ დავუპირისპირებთ ამ კანონს. მაგრამ, ეს ჩვენი გამოგონილი არ არის. ეს საფრთხეები აშშ-ში დგას, ეს საფრთხეებზე ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში დგას და შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პრობლემა ძირშივე მოგვეკვეთა. მე შემიძლია მთელი გუნდის სახელით ვთქვა – დღეს რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, მაგრამ უნდა დავუშვათ LGBT პროპაგანდა საქართველოში, ეს არის გამორიცხული. საქართველოში LGBT პროპაგანდას არ დავუშვებთ. ეს გახდა ევროინტეგრაციის პოორცესის შეჩერების, გაყინვის“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.