ვატო შაქარაშვილი: ევროკავშირი დღეს თავად ომის მხარეა, არ შეიძლება არგუმენტი იყოს ის, რომ გაწევრიანება კონსტიტუციაში გვიწერია და ამიტომ არის კარგი
პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ევროკავშირი დღეს თავად ომის მხარეა და იქ გაწევრიანებისთვის არგუმენტი ვერ იქნება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია.
მისი თქმით, უნდა შეფასდეს გაწევრიანებით მოტანილი ზიანისა და სარგებლის შეფარდება.
როგორც შაქარიშვილმა „დებატების“ ეთერში განმარტა, ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად მიღებულ სარგებელსა და ზიანს შორის შეფარდებაში ძალიან დიდი დისბალანსია და ამას არც NATO და არც ევროკავშირი არ აანაზღაურებს.
„ევროკავშირი დღეს არის თავად ომის მხარე. ერთადერთი არგუმენტია, რომ ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი. არ შეიძლება არგუმენტი იყოს ის, რომ ეს კონსტიტუციაში გვიწერია და ამიტომ არის ეს კარგი. არგუმენტი შეიძლება იყოს ძალიან კონკრეტული, დათვლადი, გაზომვადი, ის სარგებელი, რასაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს პოტენციური გაწევრიანებით და ასევე, ის ზიანი და ზარალი რასაც მიიღებს. ამ ზიანსა და სარგებელს შორის არის ძალიან დიდი დისბალანსი, ეკონომიკური კუთხით, სოციალური, ღირებულებითი, სავაჭრო, ტურისტული კუთხით, ყველა კუთხით და მიმართულებით, რაზეც ქვეყანა დგას და ამან უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, ყველა მიმართულებით, ამ ბლოკებში გაწევრიანება საქართველოსთვის არის ზიანის მომტანი.
მერწმუნეთ, არც NATO, არც ევროკავშირი არ აგვინაზღაურებს და არ გადაგვიხდის ამისთვის კომპენსაციას. უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება იმიტომ კი არ არის კარგი, რომ კონსტიტუციაში წერია, ამას სჭირდება არგუმენტები და დათვლა, რა სარგებელს მოგვიტანს ეკონომიკური კუთხით, ვინ არიან ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები, როგორ შეცვლის ევროკავშირში წევრობა მათთან სავაჭრო ურთიერთობებს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდება. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა გავიტანოთ და დავამკვიდროთ საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო დღის წესრიგში, რომ რაღაც ახალი ვთქვათ. უსაფრთხოება არის, როდესაც შენს ქვეყანაზე გადის ისეთი სავაჭრო გზები, დერეფნები, რომლებიც მსოფლიოს და სხვა დიდ სახელმწიფოებს სჭირდება, როდესაც შენ გაქვს პორტები, როდესაც შენ გაქვს ენერგეტიკა, როდესაც გაქვს სუვერენული ეკონომიკური და სავაჭრო პოლიტიკა. როდესაც შენგან არავინ არ ელის იმას, რომ დღეს, ხვალ, NATO იქნება ეს თუ სხვა ბლოკი, გაწევრიანდები ისეთ ბლოკში, რომელიც იმყოფება ომში და რომელიც არის ამ მრავალპოლუსიან სამყაროში დაპირისპირებული სხვა პოლუსთან, სხვა დიდ სახელმწიფოსთან, სხვა ძალასთან. ეს არის რეალური უსაფრთხოების გარანტია, ეს ხდის საქართველოს მიმზიდველს, საინტერესოს, სანდოს და უსაფრთხოს“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.