ე. წ ციანიდის საქმის ადვოკატი: იარაღის შენახვა დეკანოზს სხვა პირმა სთხოვა

“საქმეში არსებულ იმ აუდიოჩანაწერებში, რომელიც მე მოვისმინე, ციანიდზე საუბარი არ არის”, – ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს მატროსოვის ციხეში ბრალდებულთან შესვლამდე განუცხადა.
მისი თქმით, დღეს 15:00 საათზე მივლენ გამომძიებლები და ჩაატარებენ ხმის ექსპერტიზას.
„ჩატარდება აუდიოჩანაწერების ექსპერტიზა, არის თუ არა მამა გიორგი ის ადამიანი, ვინც საუბრობს ამ ჩანაწერებში. როგორც კი დამთავრდება აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, სავარაუდოდ, დაიწყება მისი დაკითხვა. ვვარაუდობ, რომ დაკითხვა დღეს არ დამთავრდება, რადგან საკმაოდ გრძელი ჩვენების მიცემას აპირებს მამა გიორგი. აუდიოჩანაწერები, რაც მოვისმინე, იქ ბევრ ადამიანთან არის საუბარი, მათ შორის მრევლთან. ციანიდზე, ჩემს მიერ მოსმენილ აუდიოჩანაწერებში საუბარი არ არის. შესაძლოა, არის სხვა ჩანაწერებიც, ასევე არ არის საუბარი საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირებზე”, – განაცხადა რამიშვილმა.
რაც შეეხება იარაღს, რომელიც დეკანოზის სახლში აღმოაჩინეს, რამიშვილის თქმით, ამ იარაღის შენახვა დეკანოზს სხვა პირმა სთხოვა.
”მამა გიორგი ჩვენებაში ზუსტად იტყვის, ვისი თხოვნით ჰქონდა ეს იარაღი შენახული მას. შესაძლებელია, მით უმეტეს სასულიერო პირს, დახმარების მიზნით, დროებით გთხოვოს ადამიანმა შენახვა”, – განაცხადა რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები